ვარსკვლავი თავისუფალი აგენტები - ვინ სად წავა ზაფხულში
Aa
Aa

ვარსკვლავი თავისუფალი აგენტები - ვინ სად წავა ზაფხულში

ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მინიმუმ ნახევარ წელიწადში უსრულდება და მის გახანგრძლივებაზე ხელმძღვანელებთან შეთანხმებას ვერ აღწევს, ნებისმიერი სხვა გუნდისთვის სასურველი კადრია, რადგან 6-თვიანი მოცდის შემთხვევაში, ასეთი მოთამაშის უფასოდ ჩაგდებაა შესაძლებელი. თუმცა, როდესაც მსგავს სიტუაციაში ჩვეულებრივი ფეხბურთელები კი არა, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ხვდებიან, მათ ირგვლივ სატრანსფერო ჭორების გავრცელება სისტემატურ სახეს იღებს. ქვემოთ მათ შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მომდევნო სეზონიდან ნავთსაყუდელს გამოიცვლიან.

ნეიმარი

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდია ტრავმებმა გააწამა და მოედანზე უფრო მეტ დროს კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ატარებს. 2023 წლის შემდეგ, როდესაც მეტწილად ფულის გამო „პარი სენ-ჟერმენი“ საუდის არაბეთზე გაცვალა, „ალ-ჰილალში“ სულ რაღაც 7 მატჩის ჩატარება მოასწრო და მიუხედავად ამისა, ხელფასის სახით 100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. არაბები მიხვდნენ, რომ 32 წლის ბრაზილიელისგან სათამაშო კუთხით დიდ სარგებელს ვეღარ მიიღებენ და მზად არიან ის გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაასხვისონ. ნეიმარს „ალ-ჰილალთან“ ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და მისი დამატების ყველაზე დიდი სურვილი „სანტოსსა“ და „ინტერ მაიამის“ აქვს.

ჯონათან დევიდი

უახლოეს მომავალში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, რადგან „ლილთან“ კონტრაქტი უსრულდება და მასზე ნამდვილ ნადირობას გამოაცხადებენ. წლევანდელ სეზონში უზომოდ შედეგიანია, 27 მატჩში თავი 17 გოლით გამოიჩინა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც რამდენჯერმე გაიბრწყინა. დევიდის სახელს, რომელიც კარიერის საწყის წლებში „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ასპარეზობდა, ყველაზე მეტად „ბაიერნს“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

კევინ დე ბრუინი

იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მანჩესტერ სიტიში“ 9-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, ბელგიელი ნახევარმცველი „ქალაქელებს“ დაემშვიდობება. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო თვეებია საკმაოდ ცუდ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, კლუბის ხელმძღვანელები ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ სთავაზობენ და და მისი შენარჩუნების დიდ სურვილს პეპ გუარდიოლაც აღარ გამოთქვამს. 33 წლის დე ბრუინს ყველაზე მეტად საუდის არაბეთისა და ამერიკის MLS-ის კლუბებს უკავშირებენ.

ჯონათან ტა

იმდენად კარგ ფორმაშია, რომ შესაძლოა მოცემულ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველების ხუთეულში შედიოდეს, რის გამოც გამორიცხული არ არის „ლევერკუზენი“ ამ თვეშივე დატოვოს. „ფარმაცევტებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თავად თქვა, რის შემდეგაც მისმა აგენტმა „რეალის“, „ბაიერნის“, „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ წინადადებების განხილვა დაიწყო.

ალფონსო დევისი

კანადელი ფეხბურთელის სატრანსფერო საგა კულმინაციას მიუახლოვდა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დევისთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც მას ხან „რეალში“, ხან კი „ბარსელონაში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, სულ ბოლო ინფორმაციით, „ბაიერნმა“ ალფონსოს იმდენად ხელსაყრელი პირობები შესთავაზა, რომ დარჩენაზე სრული სერიოზულობით დააფიქრა.

ამად დიალო

გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მიმდინარე სეზონში 22 წლის კოტ დ’ივუარელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მაინც არის, რადგან მოედანზე გატარებული 1600 წუთი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა და 12 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ისედაც არადამაჯერებლად მოთამაშე „იუნაიტედი“ კიდევ უფრო დასუსტდება.

ვირჯილ ვან დაიკი

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით „ლივერპულის“ წინაშე მდგარი სამი პრობლემიდან, ერთ-ერთი სწორედ გუნდის კაპიტანია. 33 წლის ნიდერლანდელმა მცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „ენფილდ როუდზე“ დარჩენა სურს და ახლა შეეცდება თავისი ასაკის კვალობაზე მაქსიმალურად სარგებლიანი ხელშეკრულება გააფორმოს.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

რამდენიმე კვირის წინ, ტრენტმა „ლივერპულის“ შეფებს აცნობა, რომ მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და იმ მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა, სადაც მისი ახლო მეგობარი ჯუდ ბელინგემი ასპარეზობს. თუმცა, „ვესტ ჰემთან“ გატანილი გოლის ემოციურმა აღნიშვნამ ლივერპულელ ფანებს დაუბრუნა იმის იმედი, რომ არნოლდი „ენფილდზე“ დარჩება.

მოჰამედ სალაჰი

სანამ მისი აგენტი მერსისაიდული გრანდის შეფებთან საკმაოდ რთულად მიმდინარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოჰამედ სალაჰი ფენომენალურ გამოსვლას განაგრძობს და მიმდინარე სეზონში გამართულ 27 შეხვედრაში 37 გოლში აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული. თავად ეგვიპტელმა სინანულით აღნიშნა, რომ წასვლასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე დარჩენასთან და თუ მართლაც მისი ლივერპულური კარიერა დამთავრდება, მომდევნო სეზონში სავარაუდოდ საუდის არაბეთის ჩემპიონატში ვიხილავთ.

იოზუა კიმიხი

29 წლის იოზუა კიმიხს, რომელიც კარიერის პიკზეა, მიუნხენელებისგან მიღებული საკმაოდ ხელსაყრელი წინადადების მიუხედავად, „ბაიერნში“ დარჩენა აღარ სურს და ახალი გამოწვევების მისაღებად ემზადება. გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ფლანგის მცველადაც ხშირად თამაშობს, ან იმ პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგდება, რომელმაც ის თავის დროზე აღმოაჩინა, ან კიდევ ერთი ყოფილი დამრიგებლის ჰანსი ფლიკის წინადადებას დათანხმდება და „ბარსელონაში“ წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი: ვეთანხმები რონალდუს - საუდის ლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია
ნეიმარი: ვეთანხმები რონალდუს - საუდის ლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია