დვალიშვილი: „დენამ კარგად იცის, რომ უმარის არ მეშინია“
მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, დეკემბრის დასაწყისში ლას-ვეგასში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომელიც მას ერთ-ერთ გულშემატკივართან მოუხდა და რომ არა დაცვის სამსახურის ჩარევა, შესაძლოა ყველაფერი უფრო ცუდი შედეგით დამთავრებულიყო. მედიის წარმომადგენელმა ქართველ „მანქანას“ ამ ყველაფერთან დაკავშირებით დენა უაითის რეაქციაზე ჰკითხეს, რაზეც მან საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.
მერაბ დვალიშვილი
დენამ მაშინ მე დამიცვა. ჟურნალისტები მუდამ ეკითხებიან მას ჩემთან დაკავშირებით სხვადასხვა თემაზე და იცით რატომ? მათ იმედი აქვთ, რომ უაითი ჩემზე ცუდს იტყვის, როგორც ეს ერთ შემთხვევაში მოხდა.
ახლა მედიის წარმომადგენლები მას გამუდმებით უმეორებენ „მერაბს უმარის ეშინია“. არადა, დენამ კარგად იცის, რომ მე არ მეშინია. უბრალოდ, როდესაც ნურმაგომედოვთან დაკავშირებით პროვოკაციულ კითხვებს მისვამენ, ყოველთვის ვამბობ „კი“ და უაითიც დაგიდასტურებთ ამ ყველაფერს.
მაშინდელ ინციდენტს რაც შეეხება, ჩემი პროვოცირება უმარის მეგობარმა მოახდინა, რომელიც თავდაპირველად ჩემს მიმართ კარგად განწყობილი ადამიანი მეგონა, თუმცა შემდეგ ისეთები იკადრა, დაცვის სამსახური რომ არ ჩარეულიყო, ფიზიკურ დაპირისპირებას ვერ ავცდებოდით.
შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი დვალიშვილს, ლას-ვეგასში მისი მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგისა და მოვსარ ევლოევის ჩხუბის დასრულების შემდეგ ვინმე არმან ტუგაევთან მოუვიდა, რომელიც თავს იმით იმართლებდა, რომ მერაბმა მისი თანამემამულე მებრძოლის, შავკატ რახმანოვის წაგება ივარაუდა, რითაც წყობიდან გამოიყვანა.