დარღვევა და შეცდომები არ ყოფილა - ხაბელოვმა ბაზაძეზე ისაუბრა
2024 წელი საქართველოსთვის სპორტული თვალსაზრისით დატვირთული, საინტერესო და წარმატებებით აღსავსე გამოდგა. ბუნებრივია, წლის მთავარი სპორტული მოვლენა პარიზში გამართული ოლიმპიური თამაშები გახლდათ, სადაც ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ სარეკორდო შედეგი დააფიქსირა. თუმცა, წარმატებასთან ერთად, იყო იმედგაცრუებაც, რომელზეც პირველ რიგში სანდრო ბაზაძის დასანანი მარცხი გვახსენდება. ქართველი მოფარიკავის შესახებ კიდევ ერთხელ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ დეტალურად ისაუბრა.
ლერი ხაბელოვი
რა თქმა უნდა გული დაგვწყვიტა ფარიკაობამ, რადგან სანდრო ბაზაძისგან მედლის აღებას ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიაღწია. არბიტრებთან დაკავშირებით ბევრი იყო საუბარი და გეტყვით, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ოლიმპიურ კომიტეტს გაპროტესტება არ შეუძლია და ეს უფრო იმ სპორტის ფედერაციის პრეროგატივაა, რომელშიც ტურნირი ტარდება.
თუმცა, მოგვიანებით გვქონდა ჩვენ საშუალება გავსაუბრებოდით სპეციალისტებს და იქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. სხვათა შორის, თვითონ ბაზაძემაც მოგვიანებით, ცივ გონებაზე გაანალიზების შემდეგ, ფედერაციას ბოდიში მოუხადა. ემოციურად რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდოდა სანდროს გაემარჯვა, მაგრამ არსებობს წესები და მსაჯებიც ამ წესების მიხედვით მოქმედებენ.
იმ სპეციალისტებმა, რომელთაც ჩვენ ვესაუბრებოდით, თქვეს, რომ ბაზაძეს მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტება არა იმ შეხვედრაში, რომელშიც დამარცხდა, არამედ წინა მატჩში შეეძლო და ამ შემთხვევაში უფრო იყო საფუძველი, რომ ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა.
31 წლის სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებულია. მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ჯერჯერობით საპრიზო ადგილის დაკავება ვერ მოახერხა.