კონტემ გარნაჩო მოითხოვა - ვინ შეცვლის კვარაცხელიას?
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს და პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება.
იტალიურ მედიაში უკვე საუბრობენ ხვიჩას შესაძლო შემცვლელებზე და გავლენიანი იტალიური სააგენტოები წერენ, რომ ანტონიო კონტე გუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბის, ალეხანდრო გარნაჩოს მიყვანას გეგმავს.
ამის შესახებ გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომაც დაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უარს არც მანჩესტერული კლუბი ამბობს.
იმ შემთხვევაში, თუ „ნაპოლი“ კვარაცხელიას 80 მილიონ ევროდ გაყიდის, აურელიო დე ლაურენტისი მზად იქნება, რომ „წითელ ეშმაკებს“ გარნაჩოს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ალეხანდრო გარნაჩოს გარდა, „ნაპოლის“კიდევ რამდენიმე სახელი დაუკავშირეს, მათ შორის არიან - ფედერიკო კიეზა, ჰაკიმ ზიეჩი და ედონ ეგროვა, თუმცა, იტალიური მედიის მტკიცებით, კონტეს მთავარი პრიორიტეტი ალეხანდრო გარნაჩოს შეძენა იქნება.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ანტონიო კონტემ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბს გაყიდვა მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ კლუბში ხვიჩას ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა განხორციელდეს.