ხაბიბ ნურმაგომედოვს აშშ-ში თვითმფრინავი დაატოვებინეს
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი აშშ-ში თვითმფრინავის რეისიდან მოხსნეს.
ამის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელ Facebook-ში ერთ-ერთი ქართველი მომხმარებელი, ნანა დიხამინჯია ავრცელებს, რომელიც ინციდენტს პირადად შეესწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვი ლას ვეგასიდან სან ფრანცისკოში აპირებდა გაფრენას, ბორტზე კი ავარიულ გასასვლელთან მდებარე სავარძელზე იჯდა. ამის გამო, ბორტგამცილებლებმა რუს მებრძოლს მოუწოდეს, რომ სხვა ადგილზე გადამჯდარიყო და ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზეს, რამაც ნურმაგომედოვის უკმაყოფილება გამოიწვია.
თავდაპირველად, ბორტგამცილებელმა ხაბიბს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სხვა მგზავრებისთვის დახმარების გაწევას, თუმცა, ნურმაგომედოვმა კითხვა ვერ გაიგო, ამის შემდეგ კი დიალოგი ასეთი იყო:
ბორტგამცილებელი - „ჩვენ ვერ მოგცემთ უფლებას, რომ საავარიო გასასვლელთან დაჯდეთ“.
ხაბიბის პასუხი - „ეს არ არის სამართლიანი. შემოწმებისას მკითხეს, ვიცოდი თუ არა ინგლისური, რაზეც ვუპასუხე, რომ ვიცოდი. რატომ აკეთებთ ამას?“
ბორტგამცილებელი - „ამის გამეორებას აღარ ვაპირებ. უბრალოდ, ხელმძღვანელს დავურეკავ. შეგიძლიათ სხვა ადგილი დაიკავოთ, ან გთხოვთ, რომ თვითმფრინავიდან ჩახვიდეთ“.
ამ დიალოგის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვს თვითმფრინავის დატოვება მოუწია.