ფინანსურად დაჩაგრული ჩემპიონი - მახაჩევი სარეკორდო შემოსავალს ელის
19 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატები UFC-ის 2025 წლის პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც მთავარი დაპირისპირება მსუბუქ წონით დივიზიონში ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანს შორის შედგება. დაღესტნელი და სომეხი მებრძოლები ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირველად მათი გზები 2019 წელს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ქარდზე გადაიკვეთა, როდესაც მახაჩევმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. იმ ბრძოლიდან თითქმის ექვსი წელი გავიდა, ისლამი UFC-ის ერთ-ერთ სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ცარუკიანმა კი იმდენს მიაღწია, რომ ჩემპიონობის პრეტენდენტია და უძლიერეს მეტოქეს ქამრის ჩამორთმევით ემუქრება.
სუპერვარსკვლავად ითვლება, მაგრამ 33 წლის დაღესტნელი მებრძოლი თავის სტატუსთან შედარებით, აშკარად ცოტა თანხას გამოიმუშავებს. ბობი გრინთან ბრძოლისთვის მახაჩევმა 200 ათასი დოლარი მიიღო. შედარებით გაიზარდა მისი შემოსავალი ჩარლზ ოლივეირასთან შეხვედრაში და მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამას მოჰყვა ალექსანდრ ვოლკანოვსკის ორჯერ დამარცხება და ორი ჩხუბის სანაცვლოდ აღებული 3 მილიონი, ხოლო დასტინ პურიეს დანოკაუტება ისლამს მილიონ 800 ათასი დოლარით დაუფასდა.
ბუნებრივია, როდესაც მილიონებზეა საუბარი და ვინმე წუწუნებს, ბევრ ადამიანს ეცინება, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და შესაბამისად, როდესაც სხვა მებრძოლების შემოსავლების შესახებ ინფორმაციები ვრცელდება, მახაჩევს უსამართლობის შეგრძნება ეუფლება. მაგალითად ალექსანდრ პანტოჟას, როდესაც ქამარი ბოლოჯერ დაიცვა, 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ჩაურიცხეს, ხოლო ილია თოფურიას მაქს ჰოლოუეის დანოკაუტებაში 2 მილიონ 400 ათასი. საწუწუნოდ არ აქვს საქმე ალექს პერეირას, რომელიც თავისი დივიზიონის მერვე ნომრის, ხალილ რაუნტრის ძლევის შემდეგ 2 მილიონ 800 ათასით გამდიდრდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სატიტულო ბრძოლაში წაგებულმა რაკელ პენინგტონმა მილიონ ოთხასი ათასი მიიღო, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე მახაჩევმა ვოლკანოვსკისთან ერთ-ერთი ბრძოლის მოგებისთვის.
ამა თუ იმ მებრძოლის შემოსავალი, არა კონკრეტულად მისი ბრძოლით, არამედ იმ ქარდით ფასდება, რომელზეც მას უწევს შეხვედრის ჩატარება, რადგან როდესაც ბილეთები და სატელევიზიო ტრანსლაციები იყიდება, იყიდება მთლიანად იმ დღის ღონისძიების და არა კონკრეტულად რომელიმე შეხვედრის. ამ მხრივ მახაჩევს და ცარუკიანს ამჯერად აშკარად გაუმართლა და როგორც ერთი, ასევე მეორე სარეკორდო შემოსავალს მიიღებს, რადგან შტატებში მომავალ შაბათს არამხოლოდ მათი სუპერბრძოლა, არამედ დვალიშვილი-ნურმაგომედოვის დაპირისპირებაც არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ ისლამს მხოლოდ ოქტაგონზე გასვლისთვის მილიონნახევარი დოლარი გარანტირებული აქვს, ბონუსებით კი შესაძლოა ორ მილიონამდეც ავიდეს. რაც შეეხება ცარუკიანს, მას აქამდე ერთი ღონისძიებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი 160 ათასი დოლარი ჰქონდა მიღებული, ამჯერად კი მილიონი დოლარით გამდიდრდება.
დაბოლოს, რამდენად დიდი პრივილეგიებით სარგებლობს UFC-ის ლეგენდა ჯონ ჯონსი დანარჩენ მებრძოლებთან შედარებით, მისი შემოსავლებიც კარგად მეტყველებს. რამდენიმე თვის წინ სტიპე მიოჩიჩთან ჩატარებული ბრძოლიდან ჯონსმა 15 მილიონი მიიღო, ხოლო ტომ ასპინალთან ბრძოლის გამართვისთვის 30 მილიონ დოლარს ითხოვს.