ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

პირველი გოლისას ვერ დააზღვიეს | ლოჩოშვილის დებიუტი სალერნიტანაში

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში „სალერნიტანა’’ შინ „სასუოლოსთან’’ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა, მთავარმა მწვრთნელმა რობერტო ბრედამ ქართველი მცველი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა.

„სასუოლომ’’ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, როცა ლუკა შეტევაში მოქმედებდა, ორთაბრძოლა დათმო და კონტრშეტევა გოლით დასრულდა. ბურთის დაკარგვის შემდეგ ლოჩოშვილი საკუთარ ნახევარზე დროულად ვერ დაბრუნდა, მისი არყოფნით „სალერნიტანას’’ დაცვაში მეტი სივრცე იყო და ამასთან ერთად თანაგუნდელებმა ლუკა ვერ დააზღვიეს.

პირველი ტაიმის შემდეგ ლუკას ორივე გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. შესვენების შემდეგ ლოჩოშვილს უხეში შეცდომა აღარ დაუშვია, თამაშის ხარისხი გამოასწორა. სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზეში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და უთამაშებლობა ეტყობა. სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და თუ ბრედა რეგულარულად ენდობა, ლუკას თამაშში პროგრესს უნდა ველოდოთ.

როგორც Sofascore-ზე ვკითხულობთ, ამ მატჩში ლუკას ბურთთან 65 შეხება ჰქონდა, 53-დან 50 პასი ზუსტად შეასრულა. მინდორზე 4-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 ორთაბრძოლა ჰქონდა და დათმო. ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა, კარისკენ დარტყმის ერთი მცდელობა ჰქონდა და დაუბლოკეს.

ამ მომენტში 20-გუნდიან სერია B-ში „სალერნიტანა'' 18 ქულით მე-18 ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია. მომდევნო ტურში „რეჯიანას'' მიიღებს (18 იანვარი).

მსგავსი სიახლეები