გიორგი კოხრეიძე
Aa
Aa

ეს გუნდი ჩემი ოჯახია, აქ ჩემი სჯეროდათ | კოხრეიძე იბერიას დაემშვიდობა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ „იბერია 1999'' დატოვა. ამ თემაზე 26 წლის შემტევმა Instagram-ში დაწერა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ჩემი გადაწყვეტილებით იბერია 1999 დავტოვე, რომელიც ჩემთვის მხოლოდ გუნდი არაა, ჩემი ოჯახია, სადაც გავიზარდე და უამრავ წარმატებას მივაღწიე, გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გავხდი, ამ გუნდთან უამრავი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს, ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ, რომ მათი ნაწილი ვიყავი. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, სტაფსა და ბიჭებს, ვინც მამხნევებდა, ჩემი სჯეროდა და ჩემზე ზრუნავდა. იბერია 1999 ყოველთვის ჩემს გულში იქნება და ყოველთვის ამ კლუბის გულშემატკივარი ვიქნები, გუნდს დიდ წარმატებას ვუსურვებ. მჯერა ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს აღზრდის, მიყვარხართ და მომენატრებით''.

CrystalSport-ის ცნობით, დიდი ალბათობით ფეხბურთელი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში'' გააგრძელებს. როგორც კოხრეიძის ტექსტშია აღნიშნული, კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა, რაც სავარაუდოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ „ტორპედოს'' სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს, ქუთაისელები ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებენ.

კოხრეიძე „იბერია 1999''-ის აღზრდილია, კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბში გაატარა, 2021 წლის ზაფხულში კარიერა ფრანგულ „გრენობლს'' დაუკავშირა, თუმცა ლიგა 2-ში 1,5-წლიანი კარიერა წარუმატებელი იყო, მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში მინდორზე 200 წუთი გაატარა.

2023 წლის იანვარში თბილისურ კლუბში დაბრუნდა, გასულ სეზონში ფორმა აღიდგინა, მისი კაპიტნობით „იბერია 1999'' ქვეყნის ჩემპიონი გახდა, გიორგიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა (4 პენალტით) და 6 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მშრომელი და მებრძოლია - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუს დებიუტზე
მშრომელი და მებრძოლია - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუს დებიუტზე