მშრომელი და მებრძოლია - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუს დებიუტზე
ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი ბერლინის „უნიონთან’’ შედგა. „ჰაიდენჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ სასტარტოში დააყენა. ბუდუმ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, „ჰაიდენჰაიმმა'' 2:0 გაიმარჯვა. ასე რომ, ქართველი თავდამსხმელის დებიუტი წარმატებული გამოვიდა, მით უმეტეს რომ მეორე გოლი ბუდუს კარგ თამაშს, მის მწვავე დარტყმას მოჰყვა.
ანგარიში „ჰაიდენჰაიმმა’’ მე-17 წუთზე გახსნა, მიუნხენის „ბაიერნიდან’’ იჯარით გადასულმა ფრენს კრეტციგმა გაიტანა. 37-ე წუთზე მსაჯმა ტომ როტე გააძევა და „უნიონი’’ 10 ფეხბურთელით დარჩა.
„ჰაიდენჰაიმის’’ მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტი ახალწვეულებით კმაყოფილია. მატჩის შემდეგ კრეტციგი და ზივზივაძე შეაქო:
„ბუდუმ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რაც განსაკუთრებით იმ მომენტზე უნდა ითქვას, როცა მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს. გაძევების მომენტამდე ბუდუმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. არ ვიცი ადრე მეორე სართულზე რამდენჯერ ვიგებდით ბურთს, მაგრამ ბუდუ მეორე სართულზე კარგად მოქმედებს და თანაგუნდელებს კარგ შანსს უქმნის.
ბუდუს გუნდში ინტეგრირება კიდევ უფრო უკეთ მოხდება ვიდრე დღეს ვნახეთ. ის მშრომელი და მებრძოლია. არასდროს ყოყმანობს, როცა გოლის გატანის შანსს იღებს''.
83-ე წუთზე ბუდუს დარტყმა მეკარემ მოიგერია, თუმცა ბეკმა დამატებაზე ყველას დაასწრო და გაიტანა. მეორე გოლის შექმნაში ბუდუმ დიდი წვლილი შეიტანა.
ამ მატჩამდე „ჰაიდენჰაიმს’’ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. 16 ტურში „ჰაიდენჰაიმმა'' 13 ქულა დააგროვა, კვლავ მე-16 ადგილზეა, თუმცა მე-15 პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმთან'' ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. ბუნდესლიგის შემდეგ ტურში „ჰაიდენჰაიმი’’ ბრემენის „ვერდერს’’ ესტუმრება (15 იანვარი).