უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა - თანაგუნდელებმა მამარდაზე ისაუბრეს
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „სევილიამ’’ „სანჩეს პისხუანზე’’ „ვალენსია’’ მიიღო. „ღამურები’’ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, ლუის რიოხას გოლით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე პედროსას დარტყმისას გიორგი მამარდაშვილი შეცდა და მარტივ ვითარებაში ბურთი ვერ მოიგერია, მატჩი 1:1 დასრულდა.
„ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გიორგი ბრწყინვალე მეკარეა, თუმცა გაშვებული გოლის ეპიზოდში კარგად ვერ იმოქმედა.
მატჩის შემდეგ თანაგუნდელებმა მამარდაზე ისაუბრეს.
„ღამურების’’ ერთადერთი გოლის ავტორმა ლუის რიოხამ მატჩის შემდეგ განაცხადა: „ლა ლიგის საუკეთესო სამი მეკარიდან ერთი ჩვენს გუნდშია, ოქროს ბურთის ნომინაციაშია, დღეს არ გაუმართლა და ქულები დავკარგეთ. ჩვენი პირველი შემტევი მეკარეა, პირველი მცველი - თავდამსხმელი. ჩვენი გუნდი ერთიანია. მამარდამ თავისი რეაქციებით გადაგვარჩინა და თამაშში ბურთი კარგად შეყავდა’’.
ხავი გერა: „მამარდასთვის რთული მომენტია, თუმცა შეცდომას ყველა უშვებს და მან უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა ვიდრე შეცდომა დაუშვა’’.
24 წლის მეკარემ, რომელიც „ლივერპულის’’ საკუთრებაა და „ვალენსიაში’’ იჯარით თამაშობს, მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში მე-15 მატჩი ჩაატარა (სამი მშრალი შეხვედრა). თუ გაშვებულ გოლს არ ჩავთვლით, მამარდა დამაჯერებელი იყო, ორი რთული დარტყმა მოიგერია.