5 მატჩში მე-4 მარცხი | გოგლიჩიძის ემპოლიმ ლეჩესთანაც წააგო
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ კედლებში „ლეჩეს“ დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (1:3), ტოსკანელებმა კი მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდეს.
ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა - სანტიაგო პეროტის პასის შემდეგ თავი ტეტე მორენტემ გამოიჩინა. მე-11 წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე გაიზარდა, გოგლიჩიძემ საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვა ნიკოლა კრსტოვიჩი, რომელმაც ტოსკანელების კარში მეორე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, საგოლე გადაცემა ემანუელ გიასიმ მიითვალა, გოლი კი ლიბერატო კაკაჩეს ანგარიშზეა. „ემპოლი“ მატჩის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრსტოვიჩმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-ისგან 6,6-იანი შეფასება მიიღო, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: ბურთთან 52 შეხება, 40-დან 29 ზუსტად შესრულებული პასი (73%), 14-დან 5 ზუსტი გრძელი პასი, 12 დაკარგული ბურთი, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 1 ამოტანა, 2 დაბლოკილი დარტყმა, 3 ჩაჭრა. გოგლიჩიძემ მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
ცნობისთვის, „ემპოლის“ 20 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს გამართავს, როდესაც მილანის „ინტერს“ ესტუმრება.