წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | ბუდუ ჰაიდენჰაიმს გამარჯვებაში დაეხმარა
ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი ბერლინის „უნიონთან’’ შედგა. „ჰაიდენჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ სასტარტოში დააყენა. ბუდუმ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, „ჰაიდენჰაიმმა'' 2:0 გაიმარჯვა. ასე რომ, ქართველი თავდამსხმელის დებიუტი წარმატებული გამოვიდა, მით უმეტეს რომ მეორე გოლი ბუდუს კარგ თამაშს, მის მწვავე დარტყმას მოჰყვა.
ანგარიში „ჰაიდენჰაიმმა’’ მე-17 წუთზე გახსნა, მიუნხენის „ბაიერნიდან’’ იჯარით გადასულმა ფრენს კრეტციგმა გაიტანა. 37-ე წუთზე მსაჯმა ტომ როტე გააძევა და „უნიონი’’ 10 ფეხბურთელით დარჩა.
შოთა არველაძის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე ყველაზე ასაკოვანი ქართველი ფეხბურთელია, რომლის დებიუტი ტოპ ლიგაში შედგა. არველაძემ ლა ლიგაში 35 წლის ასაკში ითამაშა. ბუდუ მალე, 10 მარტს 31 წლის გახდება და მისი დებიუტი დღეს შედგა.
ბუდუს პირველი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს ჰქონდა, მარჯვენა ფეხით დაარტყა, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა და ალექსანდრ შვოლოვმა მარტივად აიღო. ბუდუმ კარისკენ მეორედ მეორე ტაიმში დაარტყა. ამჯერად, მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა.
83-ე წუთზე ბუდუს დარტყმა მეკარემ მოიგერია, თუმცა ბეკმა დამატებაზე ყველას დაასწრო და გაიტანა. მეორე გოლის შექმნაში ბუდუმ დიდი წვლილი შეიტანა.
Sofascore-ის სტატისტიკის მიხედვით, ბუდუს ბურთთან 31 შეხება ჰქონდა, 22-დან 11 პასი ზუსტად შეასრულა. მეორე სართულზე 8-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, მინდორზე - 3-დან 1.
ამ მატჩამდე „ჰაიდენჰაიმს’’ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. 16 ტურში „ჰაიდენჰაიმმა'' 13 ქულა დააგროვა, კვლავ მე-16 ადგილზეა, თუმცა მე-15 პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმთან'' ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
ბუნდესლიგის შემდეგ ტურში „ჰაიდენჰაიმი’’ ბრემენის „ვერდერს’’ ესტუმრება (15 იანვარი).