„5-წლიანი კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია“ - რომანო კვარაზე
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, პარიზელებმა კვარასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ტრანსფერის განსახორციელებლად ახლა კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო.
რას წერს რომანო:
„პარი სენ-ჟერმენმა“ კვარასთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. პარიზულ კლუბში ხვიჩას ხელფასი ნაპოლიში მის ხელფასთან შედარებით 4-5-ჯერ მეტი იქნება. ფრანგული კლუბი ამჟამად „ნაპოლისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. მორიგი შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება“.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ თავკაცმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბს მისი გაშვება სთხოვა. კონტეს თქმით, ის კვარას გადარწმუნებას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა.
იტალიური მედიის ცნობით, პარიზული კლუბი ქართველ გარემარბში 70 მილიონ ევროს იხდის.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.