9-თვიანი პაუზის შემდეგ- ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება
UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჭიკაძე 5 აპრილს უგანდელ დევიდ ონამას დაუპირისპირდება. 36 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლა გასული წლის ივლისში ჩაატარა და გაზაფხულზე შეხვედრას თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ გამართავს.
2024 წლის ზაფხულში, UFC 304-ის ღონისძიებაზე, ქართველმა „ნინძამ“ არნოლდ ალენთან ბრძოლა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, თან ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრის პირველივე რაუნდში მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო. თუმცა, არბიტრებმა საბოლოოდ გამარჯვება მაინც მის მოწინააღმდეგეს მიანიჭეს. რაც შეეხება მის მომდევნო მეტოქეს, ონამას ზურგს სამბრძოლიანი მოგებათა სერია უმაგრებს, თუმცა დივიზიონის რეიტინგში ქართველს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 19 შეხვედრიდან ჭიკაძის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 4 მარცხია, ხოლო მის აფრიკელ მოწინააღმდეგეს თხუთმეტი ბრძოლიდან ცამეტში აქვს გამარჯვება მოპოვებული და ორში მარცხი განცდილი.