გოგლიჩიძე: „ყველაზე მეტად კვარას და ლეაუს შეჩერება გამიჭირდა“
საბა გოგლიჩიძე იტალიის საფეხბურთო სამყაროში მოულოდნელად შეიჭრა და თავის ასაკთან შედარებით მატჩების უმეტესობა იმდენად თავდაჯერებულად და უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რომ მასზე ყველა დადებით კონტექსტში აალაპარაკა. 20 წლის ქართველი მცველი „ემპოლის“ მორიგ აღმოჩენად მონათლეს, რადგან ტოსკანური კლუბი სწორი სატრანსფერო მუშაობით სერია A-ს სხვა კლუბებისგან მუდამ გამოირჩეოდა. ერთ-ერთი იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი საბამ, კალჩოში გატარებულ ნახევარ სეზონზე, შთაბეჭდილებებსა და ყველაზე რთულ მოწინააღმდეგეებზე დეტალურად ისაუბრა.
საბა გოგლიჩიძე
„ვენეციასთან“ წინა ტურში ქულის აღებას არც დადებითად შევაფასებდი და არც უარყოფითად. ამ თამაშამდე ზედიზედ სამი მარცხი გვქონდა განცდილი და შეგვეძლო 3 ქულის აღება, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგივიდა.
თავდაპირველად „ემპოლიში“ ადაპტაცია ბუნებრივია ძალიან გამიჭირდა. ახალ ქვეყანაში ცხოვრება, თანაც ენის არცოდნის ფონზე, იოლი ნამდვილად არ არის. ვაღიარებ, სადებიუტო მატჩი რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ, გუნდში ერთი ოჯახივით ვართ, გვერდში დამიდგნენ და ახლა უკვე სიამოვნებისთვის ვთამაშობ.
რომ არა რობერტო დავერსა, ახლა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი არ ვიქნებოდი. მის მხარდაჭერას პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რომლის მეშვეობითაც ტურიდან ტურამდე ვიზრდებოდი. თუნდაც, „ინტერთან“ და „ჯენოასთან“ დაშვებული შეცდომების შემდეგ, მწვრთნელი გვერდში დამიდგა და ბევრი საჭირო რჩევა-დარიგება მომცა.
ვის წინააღმდეგ გამიჭირდა ყველაზე მეტად თამაში? ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ უზომოდ ტექნიკური მოთამაშეები არიან და მათი შეჩერება უზომოდ რთულია.
შეგახსენებთ, რომ 19 ტურში დაგროვებული 20 ქულით „ემპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. XX ტურის შეხვედრას საბა გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები დღეს, საკუთარ სტადიონზე „ლეჩესთან“ გამართავენ და მატჩი თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.