ლიონის აპელაცია არ დააკმაყოფილეს | ტრანსფერები ისევ აკრძალული აქვთ
გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს. ფრანგულ კლუბს მკაცრი სანქციები ფრანგული ფეხბურთის ფინანსების მეთვალყურე ორგანიზაციამ, DNCG -იმ დაუწესა და ქართველი თავდამსხმელის გუნდს იმედი ჰქონდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ვითარებას შეცვლიდა.
„ლიონმა“ DNCG-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და თვლიდა, რომ დაწესებული სანქციები ზედმეტად მკაცრი იყო. დღეს, მხარეების შეხვედრა გაიმართა და ფრანგულმა კლუბმა სცადა, DNCG-ის ხელმძღვანელები დაეყოლებინა, რომ ვერდიქტი შეეცვალათ.
Sanctions maintenues pour l’OL après son passage devant la commission d'appel de la DNCGhttps://t.co/AWMaofVo9i pic.twitter.com/OwcDrkgKaq
— BFM Lyon (@BFMLyon) January 10, 2025
L’Equipe-ის ინფორმაციით, „ლიონმა“ ორგანიზაციას ბოლოდროინდელი შემოსავალი და მოგება წარუდგინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგული გამოცემის მიხედვით, DNCG-იმ თავდაპირველი აკრძალვა, რომელიც ტრანსფერების განხორციელებას უკავშირდება, ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 16 ტურის შემდეგ, „ლიონს“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. ფრანგული კლუბის მომდევნო მეტოქე „ბრესტი“ გახლავთ, რომელსაც 11 იანვარს დაუპირისპირდება.