ზედიზედ მეხუთედ - ჰოლანდი ნორვეგიაში აღიარეს
ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ადგილობრივი კლუბების მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად, სხვადასხვა სპორტული გამოცემების ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, „მანჩესტერ სიტის“ 25 წლის ფორვარდმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა და ეს ჯილდო ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.
გასულ სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა ინგლისის ჩემპიონატში 27 გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარს კოულ პალმერს 5 ბურთით აჯობა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „სიტის“ ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონებაში დაეხმარა. წარმატებული იყო მისთვის სანაკრებო მატჩებიც, სადაც ტრადიციულად საოცარი შედეგიანობით გამოირჩეოდა და 39 შეხვედრაში გატანილი 38 გოლით უკვე ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
„ქალაქელების“ არადამაჯერებელი ასპარეზობის მიუხედავად, ჰოლანდს კარგი შანსი აქვს პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი წელსაც გახდეს, რადგან მის ანგარიშზე უკვე 16 გოლია და ლიდერ მოჰამედ სალაჰს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.