„დაუყოვნებლივ დაგვეხმარება“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუზე
საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის ახალი კლუბის, „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „უნიონ ბერლინთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა კლუბმა „კარლსრუედან“ ზივზივაძის შეძენა.
ფრანკ შმიდტი:
„თუ 2024 წლის ბოლო თამაშების შედეგებით ვიმსჯელებთ, გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა, ამიტომ გარკვეული ნაბიჯები სწრაფად უნდა გადაგვედგა. ბუდუს სახით დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელიც, თავისი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ დაგვეხმარება. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალწვეულს, ფრანს კრეტციგს, ის მარცხენა ფლანგზე კონკურენციას გაზრდის. ითამაშებს თუ არა რომელიმე ახალწვეული ძირითადში? ამას ხვალ გაიგებთ.
ბუნდესლიგაში მეორე სეზონს ვატარებთ, უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად ვიბრძვით. ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ცუდი შედეგები გუნდზე ცუდ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ახლა ვალდებულები ვართ, ამას სწორად ვუპასუხოთ. უნდა ვაჩვენოთ გულშემატკივრებს, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. თუ ამას შევძლებთ, მჯერა, რომ სიტუაციასაც გამოვასწორებთ“.
ცნობისთვის, 15 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 10 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა და „ჰოლსტაინს“ 2 ქულით, ხოლო ბოლოადგილოსან „ბოხუმს“ 4 ქულით უსწრებს.
მომდევნო მატჩს ბუდუს გუნდი 11 იანვარს, თბილისის დროით 18:30 საათზე საკუთარ კედლებში „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ გამართავს.