კვარას შემცვლელი ნაპოვნია? | ნაპოლი ჟეგროვას უმიზნებს
„ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაზე ბოლო დღეებში როგორც იტალიური, ისე ფრანგული მედია აქტიურად წერს, ნეაპოლურ კლუბში შემცვლელი მოუძებნეს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველის გაყიდვის შემთხვევაში „პარტენოპეის“ პირველი სამიზნე „ლილის“ შემტევი ედონ ჟეგროვა იქნება.
ჟეგროვა „ლილში“ 2022 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება. ჟეგროვა ფრანგული კლუბიდან წასვლის სურვილს ზაფხულშიც გამოთქვამდა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა ახლა „დოგებმა“ შესაძლოა მისი გაყიდვა ამჯობინონ.
მიმდინარე სეზონში ჟეგროვამ „ლილის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, თავი კი 8 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებს.
გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის კოსოვოელის გარდა „ნაპოლი“ ალტერნატიულ ვარიანტებად „ბოლონიას“ შემტევ დან ნდოიეს, „ლეჩეს“ შემტევ პატრიკ დორგუს და „ლივერპულის“ იტალიელი გარემარბს, ფედერიკო კიეზას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, „კვარას“ „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ უკავშირებენ. ამ მომენტისთვის, მთავარი ფავორიტი ფრანგული გრანდია, მაგრამ „ნაპოლი“ ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვაზე უარს ამბობს და კონკრეტული თანხის მიღება სურს.