„მიქაუტაძე ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს და ტრანსფერს ართულებს“
„გალათასარაი“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. „ლიონთან“ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და მხარეებს წინსვლა აქვთ, თუმცა თურქული მედიის ცნობით, პრობლემა თავად ფეხბურთელმა შექმნა.
Turkiyegazetesi-ს ცნობით, ორივე კლუბი სატრანსფერო თანხაზე მორიგებულია, თუმცა მიქაუტაძემ ასტრონომიული ხელფასი მოითხოვა, რამაც სიტუაცია გაართულა.
„გალათასარაი და ლიონი 22 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, თუმცა მიქაუტაძის მოთხოვნილმა ანაზღაურებამ ტრანსფერი ეჭვქვეშ დააყენა. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ფრანგულ კლუბში წლიურად 2 მილიონ ევროს იღებს, ამჯერად 5 მილიონი მოითხოვა.
თუ, მიქაუტაძე დათმობაზე არ წავა, გალათასარაი მას არ იყიდის და აქცენტს რენის ალჟირელ ფორვარდზე ამინ გიურიზე გააკეთებს, რომელიც წლიურად 4 მილიონ ევროზე თანახმა იქნება“.
„გალათასარაისა“ და „ლიონის“ შეთანხმების შესახებ ორი დღის წინ, თურქული fanatic-იც წერდა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებებში პროგრესი მართლაც არის.
აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.