კარგი ფეხბურთელები და ცუდი მწვრთნელები
პატრიკ კლუივერტის ინდონეზიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წარსულში ცნობილ ნიდერლანდელ ფორვარდს შედარებით სუსტ და არასაფეხბურთო ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, როდესაც კურასაოს ეროვნულ გუნდს ამზადებდა და შესაბამისად, მისთვის ასეთი გამოწვევები უცხო ხილი ნამდვილად არ უნდა იყოს.
კლუივერტის მსგავსად, ბევრია მისი კალიბრის ყოფილი საფეხბურთო ვარსკვლავი, რომელთაც მოთამაშისგან განსხვავებით, მწვრთნელის ამპლუაში სათანადო კვალი ვერ დატოვეს, შესაბამისად მათი სამსახურით მაღალი დონის ევროპული კლუბები ინტერესს არ გამოხატავენ და ყველასათვის უცხო ქვეყნებში უწევთ მუშაობა. თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ რამდენიმე მათგანის შესახებ, რომელთა კარიერაც ისე ვერ განვითარდა, როგორც მოელოდნენ.
სტივენ ჯერარდი (ალ-იტიფაკი, საუდის არაბეთი)
„ლივერპულის“ ლეგენდის სამწვრთნელო კარიერა აშკარად რთულად მიმდინარეობს, არადა დასაწყისი მშვენიერი იყო. მშობლიური კლუბის აკადემიაში ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, „რეინჯერსში“ დანიშნულმა გლაზგოელებს შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა. 2021 წლის ნოემბრიდან კი, როდესაც „ასტონ ვილაში“ მივიდა, ჯერარდის რეგრესი დაიწყო. სადებიუტო სეზონში ბირმინგემული კლუბი ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-14, მეორე წელს კი მე-17 ადგილზე გაიყვანა, რასაც 2022 წლის შემოდგომაზე მისი განთავისუფლება მოჰყვა. სამშობლოში უარყოფილმა „სტივი ჯიმ“ „ალ-იტიფაკის“ მრავალმილიონიანი წინადადება მიიღო და ჩაიბარა გუნდი, რომელსაც საუდის არაბეთის ჩემპიონატი ბოლოს 1987 წელს ჰქონდა მოგებული, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში საუკეთესო მიღწევა 2011 წელს სამეულში მოხვედრა იყო. ჯერარდის მისვლით სიტუაცია დიდად არ შეცვლილა და შარშანდელი პრო ლიგა „ალ იტიფაკმა“ მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, რის გამოც „წითლების“ ყოფილი კაპიტნის ინგლისში, ან ევროპაში უახლოეს მომავალში დაბრუნება რთულად წარმოსადგენია.
იგორ ბიშჩანი (ალ-აჰლი, კატარი)
ხორვატი მცველი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში „ლივერპულში“ ასპარეზობდა და 2005 წელს მერსისაიდული გრანდის რიგებში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, თუმცა „მილანთან“ ფინალურ შეხვედრაში თადარიგში დარჩა. ფეხბურთის თამაშს თავი 2012 წელს დაანება, ხოლო სამწვრთნელო კარიერა 2016 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად იყო სამშობლოში, კერძოდ „რუდეჟში“, „რიეკაში“, „დინამო ზაგრებსა“ და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებში გატარებული პერიოდი, რასაც სლოვენიის „ოლიმპიაში“ მუშაობა მოჰყვა. 2023 წელს ბიშჩანი ახლო აღმოსავლეთში წავიდა, მაგრამ საუდის არაბეთის „ალ-შაბაბში“ ქომაგებს თავი კარგი შედეგებით ვერ დაამახსოვრა. 2024 წლის ივლისიდან კი, კატარის „-ალ-აჰლის“ დამრიგებელია და გუნდი ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ხორვატი სპეციალისტის განკარგულებაში ცუდი ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან, გუნდის ლიდერად კი 2014 წლის გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი იულიან დრაქსლერი ითვლება.
რობერტ პროსინეჩკი (მონტენეგროს ნაკრები)
პროსინეჩკი „ცრვენა ზვეზდასა“ და ხორვატიის ნაკრების ლეგენდა იყო, ასევე კარიერის გარკვეული წლები მადრიდის „რეალში“, „სევილიასა“ და „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, თუმცა როგორც მწვრთნელი, ვერ შედგა. მუშაობდა „ცრვენა ზვეზდას“, აზერბაიჯანისა და ბოსნიის ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, მიიღო გარკვეული გამოცდილება თურქეთის ჩემპიონატშიც. 2024 წლის თებერვლიდან კი, მონტენეგროს ნაკრებს ამზადებს, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით გამართული 10 მატჩიდან სამი (ბელარუსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თურქეთთან) მოიგო, შვიდში კი დამარცხდა. ამ შვიდიდან ერთი მარცხი პროსინეჩკიმ 9 ივნისს, ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან განიცადა, როდესაც ბალკანელებს ოთარ კიტეიშვილის, გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის გოლებით 3:1 მოვუგეთ.
პაულუ ბენტუ (არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები)
„ბენფიკას“, „სპორტინგისა“ და „ოვიედოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, 2004 წელს კარიერა დაასრულა, ხოლო 2005-ში მწვრთნელობას მოკიდა ხელი. მისი პირველი სამუშაო ადგილი „სპორტინგი“ იყო, 2010 წლიდან 2014 წლამდე კი პორტუგალიის ნაკრებში განსაკუთრებული წარმატებების გარეშე პერიოდი ჰქონდა. ამას მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა - ბრაზილიის „კრუზეირო“, ჩინეთის „ჩუნცინ ლიფანი“, საბერძნეთის „პანათინაიკოსი“ და სამხრეთ კორეის ნაკრები. 2023 წლის ივლისიდან ბენტუს კარიერაში ყველაზე ექსპერიმენტალური დრო დადგა, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული გუნდი ჩაიბარა. აზიის თასზე მან არაბები მერვედფინალში გაიყვანა, 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ამ დროისთვის ეს გუნდი მესამე ადგილზეა.
ზოლტან გერა (კეჩკემეტი, უნგრეთი)
გერამ ინგლისის პრემიერ ლიგაში 9 წელი გაატარა, თამაშობდა „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ფულემში“, ხოლო უნგრეთის ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 97 მატჩია. 2018 წლიდან მწვრთნელობა დაიწყო და დამრიგებლის პოზიციაზე პირველი გამოცდილება მისთვის უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრები (2019-2024) იყო, რასაც მეორე ლიგის „ვაშაშში“ გატარებული პერიოდი მოჰყვა. 2024 წლის ოქტომბრიდან კი „კეჩკემეტს“ ამზადებს, სადაც სახარბიელო შედეგებით ვერ დაიკვეხნის - მისი ხელმძღვანელობით ფეხბურთელებმა ცხრიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს და გუნდი ბოლო ადგილზეა.
ადრიან მუტუ (პეტროლული, რუმინეთი)
ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა სკანდალმა უნიჭიერეს რუმინელ ფეხბურთელს სუპერვარსკვლავად გახდომაში ხელი შეუშალა, თუმცა „ჩელსის“, „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ სახით საკმაოდ ძლიერ კლუბებში ასპარეზობდა. მწვრთნელობა 2018 წლიდან დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. 2024 წლის დასაწყისში მუტუმ „კლუჟი“ ჩაიბარა, სულ ახლახანს, 31 დეკემბერს კი კონტრაქტი „პეტროლულთან“ გააფორმა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერთა დუეტს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება და მინიმუმ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის კარგი შანსი აქვს.
მაურო კამორანეზი (ანორთოსისი, კვიპროსი)
„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც მწვრთნელად 2015 წლიდან მუშაობს და ჯერჯერობით ერთი ტიტულიც არ მოუგია. რა დონის სპეციალისტია კამორანეზი, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სტატუსურად ყველაზე კარგი გუნდი, რომელიც მას გაუწვრთნია, სლოვენიის „მარიბორია“. ამჟამად არგენტინული წარმოშობის იტალიელი სათავეში ფამაგუსტას „ანორთოსისს“ უდგას და ცუდი შედეგები არ აქვს, რადგან კვიპროსელებმა მისი თაოსნობით ჩატარებული შვიდი მატჩიდან ოთხი მოიგეს.
ვოლქან დემირელი (ბოდრუმი, თურქეთი)
თურქეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე 2019 წლიდან „ფენერბაჰჩეს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, ორი წლის შემდეგ კი „ქარაგიუმრუქი“ ჩააბარეს, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნახევარ წელიწადში გაუშვეს. 2022 წლიდან დემირელი „ჰატაისპორს“ ამზადებდა, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავდა. სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერი მიწისძვრა, რის გამოც კლუბმა სუპერ ლიგის მეორე წრეში ვერ ითამაშა და ელიტაში ადგილი ავტომატურად შეუნარჩუნდა. აი, მომდევნო სეზონის დამთავრების შემდეგ კი, პოსტი დაატოვებინეს, რაც „ჰატაისპორმა“, რომელსაც სულ სხვა მიზნები ჰქონდა დასახული, ნერვიული ჩემპიონატი ჩაატარა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით გაუსწრო. ამჟამად ის „ბოდრუმს“ უდგას სათავეში და მიზნად ამჟამად მეჩვიდმეტე ადგილზე მყოფი კლუბის გავარდნისგან გადარჩენა აქვს დასახული.