კვარას გარდა, პსჟ-ს ოსიმენის ყიდვაც სურს
„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, „ნაპოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის ყიდვაც სურს, რომელიც ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფლორიან პლატენბერგი ავრცელებს.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნიგერიელი ფორვარდის ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უნდა.
მანამდე არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ „წითელი ეშმაკები“ იანვარში ოსიმენის წაყვანას გეგმავენ, მის სანაცვლოდ კი სტამბოლელები „ლიონის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შეძენას აპირებენ, რასთან დაკავშირებითაც „გალათასარაიმ“ „ლიონს“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართა და 17 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ამ თანხამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ს კვარას ყიდვა სურს. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, კვარა იანვარში წასასვლელად მზადაა და მას პსჟ-ს ვარიანტი მოსწონს. მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პარიზელებს ტრანსფერის დახურვა უახლოეს ერთ კვირაში სურთ.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე ქართველი ვინგერის ფასი 85 მილიონი ევროა, მოლაპარაკებები დაახლოებით ამ ოდენობის თანხაზე მიმდინარეობს - 80-90 მილიონი.
The Athletic-ის ჟურნალისტის, დავიდ ორნშტაინის ინფორმაციით, კვარა „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ რადარებზეც იმყოფება.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.