„კვარა ნაპოლით იმედგაცრუებული იყო... გეტყვით რამდენს გადაიხდის პსჟ“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ საუბრობს და პირად მოსაზრებას აფიქსირებს.
Sportitalia-სთან საუბრისას პედულამ აღნიშნა, რომ ქართველი „ნაპოლის“ ქმედებებით განაწყენებული იყო.
„კვარა განაწყენებული იყო, რადგან მას წლიურად ანაზღაურება დაახლოებით 1.2-დან 1.5 მილიონ ევრომდე ჰქონდა. ხელფასი მას არც სკუდეტოს მოგების შემდეგ გაზრდია. კლუბსა და მის აგენტს შორის ამ საკითხზე ჩანიშნული ყველა შეხვედრა ან გადაიდო, ან ჩაიშალა, ან უბრალოდ შეთანხმება ვერ შედგა.
ნაპოლი სწორად იქცეოდა, როცა 15-20 დღის წინ მოლაპარაკებების სეზონის ბოლოსთვის გადადებას ცდილობდა. მათი მიდგომა ასეთი იყო - ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი აქვს და ჩვენ სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ. თუმცა, საკითხი ახლა ასე დგას: ფეხბურთელს წასვლა უნდა და როცა ვინმეს წასვლა ნამდვილად უნდა, ჩემი აზრით, შენ მას ვერ შეაკავებ.
რაც შეეხება რიცხვებს, ნაპოლი ახლა იმდენს ვეღარ აიღებს, რამდენის მიღებაც ზაფხულში შეეძლო. პარიზელები გასულ აგვისტოს 120 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ ამჯერად მათი წინადადება დაიწევს და 75+5 ან 70+10 მილიონი იქნება. პარტენოპეი შეეცდება 83 მილიონამდე მიიღოს. ვფიქრობ, მოვლენები ასე განვითარდება“.
- ამბობს პედულა.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, კვარა იანვარში წასასვლელად მზადაა და მას პსჟ-ს ვარიანტი მოსწონს. მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პარიზელებს ტრანსფერის დახურვა უახლოეს ერთ კვირაში სურთ.