მინესოტა ტიმბერვულვზი, გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

მორიგი კარგი მატჩი - ბითაძე ორლანდოს რიგებში საუკეთესო იყო

გამთენიისას NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ ითამაშა და 89:104 დამარცხდა.

„ორლანდოს“ რიგებში ამ შეხვედრაში საუკეთესო გოგა იყო, რომლის აქტიურობაც გუნდისთვის საკმარისი არ გამოდგა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 30 წუთი ითამაშა, 15 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა დააფიქსირა, 2 პასი მიითვალა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრაც ჰქონდა. 11-დან 7 ზუსტი ორქულიანი ისროლა.

მასპინძლებს მნიშვნელოვანი მოთამაშეები აკლდათ - ბანკეროს და ძმებ ვაგნერებს კარგა ხანია ტრავმები აქვთ. ასევე არ უთამაშიათ გარი ჰარისსა და ჯეილენ საგსს. ჯამში ამ ყველაფერმა გუნდის თამაშზე გავლენა იქონია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „მინესოტამ“ ოთხიდან სამი მეოთხედის მოგება შეძლო და უპირატესობა ხელიდან მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაუშვია. პარკეტზე საუკეთესო ჯულიუს რენდლი იყო - 23 ქულა, 10 მოხსნა, 2 გადაცემა. 21 ქულა ჰქონდა ენტონი ედვარდსს. რუდი გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა და 12 მოხსნა.

ამ მარცხის შემდეგ, „ორლანდოს“ 22 გამარჯვება და 17 წაგება დაუგროვდა. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა 11 იანვარს შინ „მილუოკისთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბოლდუინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში
ბოლდუინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში