ჯოკოვიჩის მტკიცებით, 2022 წელს ის ავსტრალიაში მოწამლეს
დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებულმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სენსაციური განცხადება გააკეთა. სერბი ჩოგბურთელის მტკიცებით, 2022 წელს, ის ავსტრალიაში, საკარანტინო სასტუმროში ყოფნის დროს მოწამლეს.
2022 წლის 5 იანვარს ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩაფრინდა, თუმცა ის ქვეყანაში არ შეუშვეს, რადგან COVID-19-ზე ვაქცინირებული არ იყო.
სამშობლოში დაბრუნებამდე, ის სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მისი მტკიცებით, საკვებით მოწამლეს.
„როდესაც სახლში დავბრუნდი, ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. მივხვდი, რომ მელბურნის სასტუმროში მაჭმევდნენ საჭმელს, რომელმაც მომწამლა. არასდროს არ მილაპარაკია ამის შესახებ საჯაროდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მძიმე მეტალების მაღალი მაჩვენებელი მქონდა. საუბარია ტყვიასა და ვერცხლისწყალზე. ჩემი მდგომარეობა გრიპს ჰგავდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და ისე ცუდად ვიყავი, რომ სახლში სასწრაფო დახმარების ჯგუფი მკურნალობდა. ასე ვიყავი რამდენჯერმე, შემდეგ კი ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩავიტარე“, - თქვა ჩოგბურთელმა GQ-სთან ინტერვიუში.