„მასზე გაბრაზებული არ ვარ“ | მერაბის კომენტარი მაგდი ამაჩოვის გადაწყვეტილებაზე
მაგდი ამაჩოვი დაღესტნელი მებრძოლია, რომელსაც მერაბ დვალიშვილი ძალიან დაეხმარა. როცა ამაჩოვი ლას-ვეგასში ახალი ჩასული იყო, საცხოვრებელი არ ჰქონდა და „მანქანა“ მას თავის სახლში აცხოვრებდა. როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს და მერაბთან ჩხუბისთვის უმარს მაგდიც ეხმარება.
The Schmo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „მანქანას“ შეკითხვა სწორედ ამ თემაზე დაუსვეს. დვალიშვილმა განაცხადა, რომ მაგდიზე გაბრაზებული არაა და ესმის, მან ეს რატომაც გააკეთა, თუმცა, დასძინა, რომ თავად იმავეს არ იზამდა.
„მაგდი მიყვარს. დიახ, დავეხმარე, მაგრამ დიდი ბიჭია და შეუძლია, ის გააკეთოს, რაც უნდა. დაღესტნელი მებრძოლია და ვიცი, რომ ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და უმარ ნურმაგომედოვი ძალიან უყვარს. ერთმანეთს მუსლიმ ძმებს ეძახიან და არ გამკვირვებია, რადგან საუბარი მის ქვეყანასა და მეგობრებზეა.
პირადად მე, მსგავს რაღაცას არ გავაკეთებდი, მაგრამ მის განსჯასაც არ ვაპირებ. მაგდი მიყვარს და ყველაფერი მესმის. მასზე გაბრაზებული არ ვარ და არაუშავს, რაც მოხდა. არ მინდა, უმარივით ვილაპარაკო და ვთქვა, თითქოს სპარინგ-პარტნიორი წამართვეს. სხვა სპარინგ-პარტნიორებიც მყავს. მაგდი კარგი ბიჭია და მესმის, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა. არჩევანი მან გააკეთა და არ ვნსჯი“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება. მაგდის კომენტარი მერაბის დახმარებაზე შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.