„ქალებზე შურისძიება უნდა“ | UFC-ის მებრძოლი ენდრიუ ტეიტს იწვევს
პეიტონ ტოლბოტი UFC-ის მებრძოლია, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას, ტოლბოტმა საინტერესო განცხადება გააკეთა და ენდრიუ ტეიტთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
„ენდრიუ ტეიტი ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. რჩება შთაბეჭდილება, რომ როცა ახალგაზრდა იყო, უღალატეს და ახლა, ქალებზე შურისძიება უნდა. ტეიტი მასკულინური კულტურისთვის საწამლავია და მასთან უპრობლემოდ ვიჩხუბებდი“.
სხვათა შორის, ახლახან, ენდრიუ ტეიტმა პოლიტიკური პარტია დააარსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობა უნდა. 2022 წლის დეკემბერში, პოლიციამ ტეიტი და მისი ძმა, ასევე ორი ქალი, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებით დააკავა. ტეიტი ყოფილი კიკბოქსიორია.
ტოლბოტს რაც შეეხება, იგი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 311-ზე გამართავს და რაონი ბარსელოსს დაუპირისპირდება. პეიტონს კარიერაში 9-ჯერ უჩხუბია და ჯერჯერობით დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსი აქვს.