სჯობს ნაპოლიში დარჩეს - დემეტრაძე ხვიჩას ტრანსფერზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში“ შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აზრი უამრავმა ყოფილმა თუ მოქმედმა ფეხბურთელმა გამოთქვა. ბუნებრივია, განსაკუთრებით საინტერესოა ვეტერანი ქართველი მოთამაშეების შეფასებები და მათ შორისაა გიორგი დემეტრაძე, რომელმაც ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდთან საუბრისას, კვარას საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგებას ასეთი კომენტარი გაუკეთა.
გიორგი დემეტრაძე
„ნაპოლი“ 100 პროცენტით მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, თუ საერთოდ სკუდეტოს მფლობელი არ გახდა. ამიტომაც ჩემი აზრით, აჯობებს თუ ხვიჩა პარტენოპეიში დარჩება. ნეაპოლში მას უკვე ყველა იცნობს, იქაურობას მიჩვეულია და უკეთესი იქნება თუ ისევ ამ გუნდში ვიხილავთ.
პარი სენ-ჟერმენი კარგი კლუბია, მაგრამ საქართველოში ამაზე აზრი გაყოფილია. ზოგს სურს, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ხვიჩა იხილოს, ზოგს - არა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო იმ კლუბს უგულშემატკივრებს, რომლის სასარგებლოდაც კვარა არჩევანს გააკეთებს.
წელს იტალიის ჩემპიონატში გამართულ 17 მატჩში ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული კი სადებიუტო სეზონი გახლდათ, როდესაც გუნდს სკუდეტო მოაგებინა, თავად კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.