ნაპოლი მზადაა 80 მილიონად გაყიდოს | რას წერს დი მარციო კვარაცხელიაზე
„ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
დი მარციოს მიხედვით, „პარტენოპეი“ თანახმაა, „კვარა“ 80 მილიონ ევროდ გაუშვას, თუმცა, სურს, ტრანსფერი ნეაპოლური კლუბისთვის სასარგებლო პირობებით დაიხუროს. „ნაპოლის“ კონკრეტული მოთხოვნები აქვს და კვარაცხელიას მსურველ კლუბს მათი დაკმაყოფილება მოუწევს.
დი მარციოს ცნობით, „პარტენოპეი“ გარიგებაში სხვა ფეხბურთელის ჩართვას გამორიცხავს და მთლიანი თანხის მიღება სურს. „პარი სენ-ჟერმენის“ თავდაპირველი წინადადება კლუბისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რადგან პსჟ-მ შეთავაზებაში მილან შკრინიარი ჩართო, თუმცა, ფრანგულ გრანდთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. Transfermarkt-ზე მისი ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.