უთანხმოება ამომავალ ვარსკვლავთან - მანიუ მაინუს კარგავს
ბოლო დღეებია ინგლისური სპორტული მედიის მთავარი სალაპარაკო თემა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და კლუბის ახალგაზრდა ტალანტს კობი მაინუს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ფეხბურთელის აგენტი და „მანკუნიანელების“ შეფები ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ, რაც გუნდის ფანების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არსებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, მაინუ ყოველკვირეულად 20 ათასი ფუნტს იღებს. თანამშრომლობის გახანგრძლივების შემთხვევაში კი ის კატეგორიულად მოითხოვს მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 200 ათასამდე გაიზარდოს, რაც წლიურად 10 მილიონ 400 ათასი გამოდის.
სატრანსფერო ბიუჯეტთან დაკავშირებით „მანჩესტერს“ აქვს თავისი წესები, რომელსაც უკანასკნელი წლებია არც ერთი ფეხბურთელის გამო, რამდენადაც მნიშვნელოვანი ფიგურა არ უნდა იყოს ის, არ უხვევს და გამონაკლისი სავარაუდოდ არც კობი იქნება. მეორე მხრივ, უკვე გავრცელდა ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც „წითელი ეშმაკების“ ზარალმა 312 მილიონი შეადგინა და საიმისოდ, რომ ფინანსური ფეარ-პლეის წესები არ დაირღვეს, აკადემიის აღზრდილი რომელიმე მოთამაშის გაყიდვა აუცილებელია და არჩევანი გარნაჩო-მაინუს დუეტიდან რომელიმეზე უნდა გაკეთდეს. უფრო სწორედ ამ ორი უნიჭიერესი მოთამაშიდან რომელიმე უნდა გაიწიროს და თუ აქამდე უფრო მეტად არგენტინელის წასვლაზე საუბრობდნენ, ახლა უკვე შეიძლება ვითარება კარდინალურად შეიცვალოს.
რამდენად ნიჭიერი და საჭირო ფეხბურთელია კობი მაინუ გუნდისთვის, მასთან დაკავშირებით პოლ სქოულზის მიერ გაკეთებული დახასიათებაც კარგად მეტყველებს: „დროს ნუ კარგავთ კობის ჩემთან შედარებით. ის 10-ჯერ უკეთესია, ვიდრე 19 წლის პოლ სქოულზი იყო. მეტსაც გეტყვით, როდესაც მაინუს თამაშს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ მასსა და ზინედინ ზიდანს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა - კანის ფერი“.
მაინუ საფეხბურთო ავანსცენაზე შარშანდელ სეზონში გამოჩნდა, როდესაც „ვულვზისთან“, „ნიუკასლთან“ და „ლივერპულთან“ მატჩებში უმნიშვნელოვანესი ბურთები გაიტანა, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში კი „იუნაიტედმა“ თანაქალაქელი „სიტი“ სწორედ მისი გოლის წყალობით დაამარცხა. მიუხედავად ასეთი წარმატებებისას, მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას საფუძვლიანად არ მიიჩნევა და მხარეებს შორის უთანხმოებას ყველაზე დიდი ყურადღებით „ჩელსი“ აკვირდება, რომელიც კობის წასვლის შემთხვევაში მისი დამატების მთავარი კანდიდატი იქნება.