დაბრუნება 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ - მამუს 7 ქულა ყოფილ გუნდთან
NBA-ს წლევანდელ სეზონში სანდრო მამუკელაშვილს „სან ანტონიოს“ სამწვრთნელო შტაბი თავის გამოჩენის საშუალებას იშვიათად აძლევს, მაგრამ როცა სათამაშო დროს იღებს, ყოველთვის პროდუქტიულობით გამოირჩევა. ასე იყო ამჯერადაც - 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა თავის ყოფილ გუნდ „მილუოკისთან“ (105-121) წაგებულ შეხვედრაში მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, მაგრამ გულშემატკივარს თავი საინტერესო მომენტებით დაამახსოვრა.
მამუმ ამ მცირე სათამაშო დროის განმავლობაში 7 ქულა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან სამიდან ერთი სამქულიანი, ორიდან ერთი ორქულიანი, სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო და ერთი პერსონალური ფოლიც მიიღო. ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი 26 ქულით „ბაქსის“ ერთ-ერთი ლიდერი დემიან ლილარდი იყო, ხოლო სანდროს ყოფილმა თანაგუნდელმა და მეგობარმა იანის ანტენტოკუმპომ ტრადიციულად მაღალ დონეზე იასპარეზა, 25 ქულასთან ერთად, 16 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი პასი დააკლდა.
37 თამაშის შემდეგ 18 მოგებითა და 19 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნიო ცხრილში მეთერთმეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 12 იანვარს, „ლეიკერსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 07:30 წუთზე დაიწყება.