მახაჩევთან ბრძოლამდე - ცარუკიანმა ირემი და ალიგატორი მოკლა
არმან ცარუკიანი 19 იანვარს, UFC 311-ის საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის განსაკუთრებულ რეჟიმში ემზადება, თუმცა შუალედში თავს განტვირთვის უფლებასაც აძლევს და ერთ-ერთი ასეთი პერიოდი ნადირობისთვის გამოიყენა, რომელიც მისთვის გართობის ყველაზე კარგი საშუალებაა. ფლორიდის საწვრთნელ ბანაკში მყოფმა სომეხმა მებრძოლმა, უახლოეს სოფელში თავისი სტაფის წევრებთან ერთად ინადირა და ირემი მოკლა.
ნანადირევისგან გემრიელი კერძი ცარუკიანს მისმა დიეტოლოგმა მატეო კაპოდალიომ მოუმზადა. მისი განცხადებით ეს არის საჭმელი სახელწოდებით ალპური ვახშამი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, ავსტრიის მთიანი რეგიონების საზღვართან უდიდესი მოწონებით სარგებლობს. მის მთავარ ჰობთან, ნადირობასთან დაკავშირებით არმანმა მედიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა.
არმან ცარუკიანი
ირმის ისტორია არაფერია იმასთან შედარებით, რაც 2024 წლის ივნისში შემემთხვა. აქ მაიამისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში თევზაობისას, წყალში ალიგატორი შევნიშნე და მაშინვე ვესროლე. სისხლისგან იცლებოდა როდესაც ამოვიყვანე, დავახრჩვე, ზურგზე გადავიკიდე და მეგობარს ფოტოს გადაღება ვთხოვე.
საერთოდ, უამრავი ცხოველი მომიკლავს, მაგრამ მათ ფოტოებს არ ვუღებდი, რადგან მეცოდებოდნენ. ალიგატორი კი ნამდვილად არ მეცოდება, რადგან ისინი ადამიანებს ჭამენ. თანაც, ამ ცხოველზე ნადირობისა და მისი მოკვლის სპეციალური ნებართვა მაქვს, ასე რომ, კანონი არ დამირღვევია.
ნადირობის გამო, მუდმივი კონფლიქტი მქონდა ჩემს მშობლებთან. ერთხელ მოკლული ცხოველი სახლში მივიტანე და მაშინვე უკან გამომაბრუნეს. ასე რომ, ნადირობის შემდეგ სახლში არასოდეს ვბრუნდები.
კვება და გემრიელი ჭამა ჩემი სუსტი წერტილია - ამის გამო რუსეთში ჩავდივარ და ცხვრის ხორცს ვჭამ. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყიდება ეს ხორცი, მაგრამ იქ მაინც უფრო ნატურალურია და განსხვავებული გემო აქვს.
საუბრის დასასრულს, არმან ცარუკიანმა ნახევრადხუმრობით განაცხადა, რომ მოკლული ალიგატორის ტყავისგან ფეხსაცმელებს დაამზადებს და ისლამ მახაჩევის დამარცხების შემდეგ ჩაიცვამს.