უცხოური კლუბები მეტს იხდიან - ლოჩოშვილი სავარაუდოდ იტალიას დატოვებს
იტალიური პრესა ლუკა ლოჩოშვილის მომავლის შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად წერს და როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მცველი „კრემონეზეს“ მალე დატოვებს.
Calciocremonese-ს ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „კრემონეზესთვის“ პრიორიტეტს ლოჩოშვილისა და ჯაკომო კვალიატას გაყიდვა წარმოადგენს.
„კლუბი ახალი მოთამაშეების დამატებაზე მუშაობს და საამისოდ თანხებია საჭირო, რისთვისაც კრემონეზე კვალიატასა და ლოჩოშვილის გაყიდვას გეგმავს. ქართველი მცველი მთავარი მწვრთნელის ჯაკომო სტოპიას სქემაში ვერ ჩაჯდა და წასვლა თავადაც განზრახული აქვს.
ლოჩოშვილი სავარაუდოდ კარიერას არა იტალიაში, არამედ უცხოეთში გააგრძელებს, სადაც ლუკას უფრო მეტად აფასებენ. მას მსურველები ჰყავს და იტალიური კლუბები ფინანსურად კონკურენციას ვერ გაუძლებენ“.
- წერს Calciomodena.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის მიმართ ინტერესი სერია B-ს გუნდებს „მოდენსა“ და „სალერნიტანას“ აქვთ. „მოდენა“ ყველაზე მეტად აქტიურობდა და ქართველი ფეხბურთელის შეძენა თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა იტალიური გამოცემის მიერ ნახსენები უცხოური კლუბები (სახელები უცნობია), როგორც ჩანს მეტს იხდიან.
აქვე გეტყვით, რომ ლოჩოშვილით თურქული კლუბები „ტრაბზონი“, „რიზე“ და „გაზიანთეფი“ ინტერესდებიან, თუმცა ფეხბურთელისთვის თურქეთში თამაში ამ ეტაპზე საინტერესო ვარიანტი არაა, რადგან მას ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაში სურს.