ზაბარნის უარი პსჟ-ს | მიზეზი გუნდში რუსი მეკარის ყოფნაა
„ბორნმუთის“ უკრაინელმა მცველმა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაზე უარი თქვა, მიზეზი კი, L’Equipe-ის ჟურნალისტ ლოიკ ტანზის ცნობით, ისაა, რომ პარიზელების ღირსებას რუსი მეკარე მატვეი საფონოვი იცავს.
რა თქვა ჟურნალისტმა:
„ზაბარნი შესანიშნავი მცველია, მაგრამ ის უკრაინელია, პსჟ-ს კი შემადგენლობაში რუსი ფეხბურთელი ჰყავს. ახლა ზაბარნის პარიზულ კლუბში გადასვლა არ სურს და მიზეზად სწორედ მატვეი საფონოვს ასახელებს.
საფონოვი მეკარეა, ზაბარნი კი მცველი, მათი პოზიციები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ზაბარნის არ სურს, რომ პრობლემები, რომლებიც შესაძლოა ოდესმე წარმოიშვას, შემდეგ იმით აიხსნას, რომ ის უკრაინელია, საფონოვი კი რუსი. ილია ფიქრობს, რომ ამის გამო ლუის ენრიკეს გუნდში პრობლემები შეიძლება წარმოიშვას“.
შეგახსენებთ, რომ ილია ზაბარნი „ბორნმუთის“ ღირსებას 2023 წლის იანვრიდან იცავს. „ალუბლების“ მაისურით მიმდინარე სეზონში 22 წლის უკრაინელმა 20 მატჩი ჩაატარა (20-ვე ძირითადში). Transfermarkt-ის მონაცემებით, ზაბარნის ღირებულება 38 მილიონი ევროა.
რაც შეეხება მატვეი საფონოვს, პარიზელებმა ის „კრასნოდარიდან“ 2024 წლის ზაფხულში 20 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან პსჟ-ს მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად კი მხოლოდ 3-ჯერ შეინახა.