„ჯვაროსნული ლაშქრობა გვჭირდება“ | შონ სტრიკლენდის კრიტიკა ინგლისს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი სკანდალური განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა. 33 წლის მებრძოლმა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო და ინგლისსა და ევროპაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ხშირად ვფიქრობ ინგლისი ასეთ ბინძურ ადგილად როგორ იქცა და შემდეგ, ყველაფერს ვხვდები: ზედმეტად დიდი გავლენა მთავრობას და ისლამი ძალიან დიდი დოზით... ვიტყოდი, რომ მე-9 ჯვაროსნული ლაშქრობა გვჭირდება, მაგრამ საწყენი ფაქტი ისაა, რომ ამჯერად, ევროპამ ისინი (მუსლიმები) თავად მოიპატიჟა“, - დაწერა სტრიკლენდმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში, მწვავედ აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს და უსაფრთხოების საკითხებში მინისტრს, ჯეს ფილიპსს. ამის მიზეზი სექსუალურად მოძალადე ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაა. აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე გამოძიება ჩატარდა და ერთ-ერთმა დაადგინა, რომ 16-წლიან პერიოდში, ძირითადად, პაკისტანელი ბრიტანელი მამაკაცების მხრიდან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 1 400 ბავშვი გახდა. ტელფორდში ჩატარებულმა გამოძიებამ კი აჩვენა, რომ 40 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი ათასამდე გოგონა იყო.
2022 წელს, ალექს ჯეიმ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ნოემბერში ჯეიმ განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია, რადგან ძალადობის აღმოსაფხვრელად მისი 20 რეკომენდაციიდან არც ერთი შესრულებულა ორი წლის განმავლობაში. ამ თემაზე, 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა დამნაშავეების ეთნიკურობის გასაჯაროებას თავი საზოგადოების ერთიანობის დარღვევისა და რასისტებად წარმოჩენის შიშის გამო აარიდეს.