„14 წელი დიდი დროა“ - დეშამმა ნაკრებიდან წასვლა დააანონსა
დიდიე დეშამის განცხადებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
56 წლის ფრანგი სპეციალისტის თქმით, დგება დრო, რომ რაღაც უნდა დასრულდეს და ეს გადაწყვეტილება მტკიცეა.
„მე ჩემს საქმეს შეუცვლელი სურვილით ვასრულებ, რათა საფრანგეთის ნაკრებმა ყველზე მაღალი დონე შეინარჩუნოს, მაგრამ 2026 წელი საუკეთესო მომენტია დასრულებისთვის. არასდროს გინდა შეწყვიტო, როცა ყველაფერი ლამაზად არის, მაგრამ უნდა იცოდე „სტოპის“ თქმა. 14 წელი დიდი დროა. მე აქ რეკორდებისთვის არ ვარ. მით უმეტეს მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით. ყველაზე მთავარია, რომ საფრანგეთის ნაკრები რჩება მწვერვალზე, სადაც ის მრავალი წლის განმავლობაში იყო“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2021-2022 წლების ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
დიდიე მთავარი მწვრთნელის პოსტს 2012 წლის 8 ივლისიდან იკავებს. ამ პერიოდის განმავლობაში, „სამფეროვნებმა“ 166 მატჩი ჩაატარეს, 106 მოიგეს, 31 ფრედ დაასრულეს და 29 წააგეს.