ერთი ნაბიჯი მთავარ ბადემდე | ბასილაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ ბადეს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, ქართველი ჩოგბურთელი რუს მეტოქეს, მსოფლიოს 197-ე ჩოგანს, ალიბეკ კაჩმაზოვს დაუპირისპირდა და ორ სეტში იმარჯვა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და საწყისი 5 გეიმიდან 4 წააგო, თუმცა, პარტიაში გარდატეხა მაინც შეიტანა. 2:4-ზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, 4:5-ზე კი 2 სეტპოინტი მოიგერია და პირველი პარტია 7:5 მოიგო.
მეორე სეტმა ბასილაშვილის უპირატესობით ჩაიარა. მესამე გეიმში, ნიკოლოზმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:4. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ამ წუთებში ირკვევა. ნიკოლოზი ფრანჩესკო პასაროსა და ხავიერ ბარანკო კოსანოს წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილის გარდა, ავსტრალიის ღია პირველობაზე მოსახვედრად მარიამ ბოლქვაძეც იბრძოდა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში დამარცხდა. მარიამმა სელენა იანიჩიევიჩთან 4:6, 2:6 წააგო.