კარგი ამბავი: კვარამ ტრავმა მოირჩინა და ვერონასთან ითამაშებს
იტალიური Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და სერია A-ს შემდეგ ტურში „ვერონასთან’’ სათამაშოდ მზად იქნება.
ხვიჩა მარცხენა ფეხის კუნთმა შეაწუხა და გასულ ტურში „ფიორენტინასთან’’ სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ითამაშა. კვარა მე-16 ტურში „უდინეზესთანაც’’ ვერ დაეხმარა გუნდს, მაშინ მიზეზი მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა იყო. მოკლედ, ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ორი მატჩი გამოტოვა.
სერია A-ს შემდეგ ტურში, 12 იანვარს „ნაპოლი’’ „ვერონას’’ მიიღებს. დიდი ალბათობით, კვარა ამ მატჩში დაბრუნდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო 4 ტურიდან 2 მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
შეგახსენებთ, სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლი'' 44 ქულით (19 მატჩი) პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე „ატალანტაა'' 41 ქულით (18 მატჩი), მესამე პოზიციას მილანის „ინტერი'' 40 ქულით იკავებს (17 მატჩი). ასე რომ, შესაძლოა კვარამ „ნაპოლისთან'' ერთად სკუდეტო მეორედ მოიგოს.