„სხვა წონაშიც გავყვები...“ - ევლოევს თოფურიასთან ჩხუბი სურს
ქვემსუბუქ წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ამავე წონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, ილიას ნებისმიერ წონით დივიზიონში ეჩხუბოს, თუმცა პირველ რიგში ჩემპიონის ტიტული სურს. ამის შესახებ MMA Fighting-ი წერს.
მოვსარ ევლოევი:
„არ მესმის, რა ხდება: მაქს ჰოლოუეი ამბობდა, რომ ქვემსუბუქ წონაში აღარ დაბრუნდებოდა, ახლა ილია ამბობს, რომ მსუბუქ წონაში ასვლა უნდა - თანაც ეს ჩემი ბრძოლის შემდეგ მოხდა. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის შემახვედრებს UFC.
თუ თოფურია წონას შეიცვლის, ქამარი გათავისუფლდება და მას მე დავეუფლები, შემდეგ კი მეც ილიას წონაში ავალ. ჩემი პირველი მიზანი ქამარია, შემდეგ კი თოფურიას დამარცხება მინდა.
სულ საშუალო წონაში გადავიდეს, მე მას გავყვები. მინდა, რომ ჩემ მიერ დამარცხებული მებრძოლების სიაში თოფურიას სახელი ეწეროს. თუმცა არ მჯერა, რომ ის სხვა წონაში გადავა. ჩემი აზრით, ის მალე ისევ ქვემსუბუქ წონაში იჩხუბებს და ქამარს დაიცავს“.
შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია, მის ანგარიშზე MMA-ში 19(UFC-ში 9) გამარჯვებაა. ბოლოს ევლოევმა დეკემბერში იჩხუბა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვემსუბუქ წონაში დაბრუნებული ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა.
რაც შეეხება თოფურიას, 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბში მოგებული ქამარი მან ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.