ეფექტური ჩატენვები და დაფარებები | გოგას ორლანდომ ნიქსს სტუმრად მოუგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა და „ნიუ იორკ ნიქსი“ სტუმრად დაამარცხა. „მეჯიქს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და ფრანც ვაგნერის, მო ვაგნერის, პაოლო ბანკეროსა და ჯეილენ საგსის გარეშე ითამაშა, თუმცა, „ნიქსს“ მაინც მოუგო - 103:94.
ქართველმა ცენტრმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი და 18 წამი გაატარა. გოგამ შეხვედრა 6 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით დაასრულა. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ორი ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა და ლამაზი გადაცემითაც გამოირჩა.
„ორლანდო“ რიგებში საუკეთესო კოულ ენტონი გახლდათ - 24 ქულა, 7 მოხსნა. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 19 ქულა მიითვალა, ჯონათან აიზეკმა - 13. „ნიქსის“ მხრიდან 24-24 ქულით თავი მიკალ ბრიჯისმა და ჯეილენ ბრანსონმა გამოიჩინეს. ჯოშ ჰარტს 15 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა.
Goga Bitadze: playmaker pic.twitter.com/r8cNKtnUGo
— Orlando Magic (@OrlandoMagic) January 7, 2025
„მეჯიქმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში 22-ე გამარჯვება მოიპოვა. „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრა 10 იანვარს, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ელის.