ყველა ჩვენთვის ისვენებს - ლებრონი ირვინგმა გააბრაზა
სეზონის მძიმე სტარტის შემდეგ, NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბმა „ლეიკერსმა“ თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა, თუმცა ლოს-ანჯელესის გუნდს გამარჯვების მოპოვება ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირს და თუ რით იყო ყოველივე ეს განპირობებული, ამის თაობაზე ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა კითხვით ლებრონ ჯეიმსს მიმართა, რომლისგანაც საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღო.
რა თქვა ლებრონმა
ნუთუ მართლა ვერ ხვდებით რატომ გვიჭირს ყველა მატჩში გამარჯვების მოპოვება? შეიძლება თქვენ არა, მაგრამ პირადად მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ NBA-ს ყველა დანარჩენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „ლეიკერსთან“ გამარჯვებაა და ჩვენ წინააღმდეგ სათამაშოდ პარკეტზე ისეთი მომართულები გამოდიან, თითქოს ბონუს-ქულას იღებენ.
მაგალითისთვის კაირი ირვინგის დასახელებაც კმარა. „დალასმა“ ორშაბათს „მემფისთან“ უნდა ითამაშოს და ხომ არ იცით სად იქნება ის? დარწმუნებული ვარ დაისვენებს. ან საერთოდ არ ითამაშებს, ან თავისი იმ თანაგუნდელების მსგავსად, რომლებიც განაცხადში იქნებიან, ძალებს დაზოგავენ და „ლეიკერსთან“ მატჩისთვის მოემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ 20 მოგებითა და 15 წაგებით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ჯეიმსმა კი ასეთი განცხადება რომ გააკეთა, სრულიად ბუნებრივია, რადგან ის „ჰიუსტონთან“ (115:119) განცდილი მარცხის გამო იმედგაცრუებული გახლდათ.