კონორი VS ხაბიბი ყველას დაავიწყდება - მახაჩევი-თოფურიას ჩხუბის მოლოდინი
რამდენიმე კვირის წინ მისთვის ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე როდესაც დაუსვეს შეკითხვა, ისლამ მახაჩევმა საკმაოდ დიდი ამპარტავნობა გამოიჩინა და განაცხადა, რომ დაიღალა პატარა სპორტსმენებისთვის შანსის მიცემით. ასეთ შეფასებას კი, ქართველი „ელ მატადორი“, მისი ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, აშკარად არ იმსახურებდა.
თოფურია კრიტიკოსებს მუდმივად ოქტაგონზე პასუხობს და ამჯერადაც ასეთი გეგმები აქვს. თუმცა, საამისოდ დენა უაითის დასტურიც არის საჭირო. UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ცნობილი მწვრთნელი გასანალი გასანალიევი კი ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მახაჩევი-თოფურიას ბრძოლა აუცილებლად შედგება, თანაც არაერთხელ და ეს დაპირისპირება მსოფლიოში ზუსტად ისეთივე რეზონანსს გამოიწვევს, როგორიც თავის დროზე მაკგრეგორი-ნურმაგომედოვის ჩხუბმა დაიმსახურა.
რას ამბობს მახაჩევი-თოფურიაზე
ისლამისა და თოფურიას ჩხუბი იქნება მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება. შეხედეთ, რა ხდებოდა ბოლო პერიოდში მთავარ კონკურენტებს შორის. ჯონსი - სუპერვარსკვლავია, ასპინალი - არა. დიახ არა - ტექნიკური, სპორტული და საბრძოლო ასპექტებით ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ მახაჩევსა და თოფურიას გაცილებით უფრო დიდი არეულობის გამოწვევა შეუძლიათ.
ნახეთ რა მოხდება. მთელი არაბული სამყარო, რუსეთი და თითქმის მთლიანი პოსტსაბჭოთა სივრცე საქართველოს გარდა მახაჩევს უგულშემატკივრებს. საქართველო, ესპანეთი და ევროპა კი თოფურიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმპათიები თანაბრად გაიყოფა, მექსიკა კი ილიასგან იქნება, რადგან ის მაინც ესპანუროვანია.
ეს იქნება მეგაბრძოლა, ისეთივე როგორიც კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის იყო. რაც ყველაზე მთავარია, ორივე მხარისგან თანხმობა იქნება, რადგან ყველა დიდ ფულს იშოვის. როგორ გგონიათ, რატომ სურს მახაჩევს გამუდმებით აშშ-ში ჩხუბი და არა აბუ-დაბიში? იმიტომ, რომ ჰონორარის გარდა, პროცენტებსაც იღებს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ისლამ მახაჩევი კი, 19 იანვარს, გამთენიისას, საჩემპიონო ქამარს UFC 311-ზე სომეხ არმან ცარუკიანთან დაიცავს.