პატრიკ კლუივერტი
Aa
Aa

კლუივერტი ინდონეზიის ნაკრებში - ნიდერლანდელის რთული მისია

წარსულში ცნობილი ნიდერლანდელი ფორვარდი პატრიკ კლუივერტი, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, ინდონეზიის ნაკრების დამრიგებლად იმუშავებს. 48 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მისი მთავარი ამოცანა ინდონეზიელების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა იქნება, რომელსაც 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.

მუნდიალზე ინდონეზიის ეროვნულ გუნდს მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1938 წელს აქვს ნათამაშები, როდესაც ისტორიულ წარმატებას მიაღწია და არამხოლოდ მონაწილეობა მიიღო, არამედ მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. 80-წლიანი პაუზის შემდეგ, არსებული საკადრო რესურსიდან გამომდინარე, კლუივერტს მის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრა წესით ძალიან უნდა გაუჭირდეს, თუმცა როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, წარუმატებლობის შემთხვევაში ნიდერლანდელს ერთ შანსს კიდევ მისცემენ და 2034 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვისაც ფეხბურთელების მომზადებას მას დაავალებენ.

კლუივერტის ბოლო სამუშაო ადგილი თურქეთის „ადანა დემირსპორი“ იყო, რომელიც 2023 წელს დატოვა. იქამდე კი კურასაოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, „ალკმაარის“ დამრიგებლის ასისტენტად და „აიაქსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში აქვს ნამუშევარი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კლუივერტი: “პატივისცემა პელეს და მარადონას, მაგრამ მესი საუკეთესოა“
კლუივერტი: “პატივისცემა პელეს და მარადონას, მაგრამ მესი საუკეთესოა“