„კვარას შეუძლია სრულყოფილი გახდეს და იმედი გვაქვს...“ - რას ამბობს ძაკარდო
2006 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთმა აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე ილაპარაკა.
კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა იმას, რომ კვარა ასეთ გავლენა ექნებოდა, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა. მე მას ბევრი წელი ვიცნობდი. ვიცოდი მისი ფასი. იტალიაში მან თავი მაშინვე გამოიჩინა და მომავალიც მის მხარესაა“.
ყოფილმა ფეხბურთელმა კვარას მიმდინარე სეზონიც შეაფასა.
„ის არის 23 წლის ბიჭი, რომელმაც იტალიაში ჩამოსვლისთანავე მოიგო სკუდეტო და იმ სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასულ წელს ვხედავდით, როგორ თამაშობდა „ნაპოლი“. მას განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა. შემდეგ მოვიდა დიდებული მწვრთნელი, როგორიც კონტეა: კვარა აჩვენებს თავის შედეგებს, შეუძლია სრულყოფილი გახდეს და იმედი გვაქვს, რომ ეს კონტესთან ერთად, შესაძლებელი იქნება. ის თამაშობს ფეხბურთს ისეთ დიდ გუნდში, როგორიც „ნაპოლია“. ვფიქრობ, მას ყველაფერი კარგად აქვს და ვნახოთ, როგორ წავა საქმეები“, - თქვა ძაკარდომ.
რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, მან თქვა, რომ ეს საკითხი კვარაცხელიასა და თავად კლუბზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო, ხვიჩამ „ნაპოლის“ ბოლო მატჩი გამოტოვა, რომელიც „პარტენოპეიმ“ „ფიორენტინასთან“ გამართა და 3:0 იმარჯვა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთი გოლი დავიდ ნერეშმა გაიტანა, რომელიც „კვარას“ მთავარ კონკურენტად მოიაზრება.
მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.