ზურიკოს ლიდერობა ჩამოართვა - ოვაციები ბელგიელ შემტევს
ნორვეგიელი სპეციალისტის ერიკ ჰორნელანდის დებიუტი საფრანგეთის ლიგა 1-ში წარმატებული გამოდგა, რაც მთლიანად ლუკას სტასინის დამსახურებაა. ზურიკო დავითაშვილის არყოფნაში, რომელიც თანაგუნდელებს გაციების გამო ვერ ეხმარებოდა, „სენტ ეტიენის“ ლიდერობა საკუთარ თავზე 20 წლის ბელგიელმა შემტევმა აიღო და მატჩი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა.
სტასინის უმაღლეს დონეზე ასპარეზობაა „მწვანეების“ ქომაგებს არ გამოჰპარვია და „რეიმსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ადგილობრივმა პუბლიკამ ის ოვაციებით გააცილა. სტატისტიკოსებმა კი დაითვალეს, რომ საფრანგეთის პირველობაზე მისთვის სადებიუტო სეზონში ბელგიელმა უკვე 2 გოლის გატანა, 4 საგოლე პასის შესრულება და 1 პენალტის გამომუშავება მოასწრო და თუ მის მიერ მოედანზე გატარებულ წუთებს (621) მივიღებთ მხედველობაში, გამოდის, რომ ყოველ 89 წუთში გუნდისთვის სარგებელი მოაქვს, რითაც დავითაშვილს (სარგებელი ყოველ 160 წუთში) პროდუქტიულობის თვალსაზრისით გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ცნობისათვის, ზურიკო წლევანდელ სეზონში გამართული 16 ტურიდან 15--ში ითამაშა და მის აქტივში 5 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემაა, საუკეთესო მატჩი კი „ოსერთან“ ჰქონდა, როდესაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.