„ნერეშმა გუნდი კვარასგან დამოუკიდებელი გახადა“ - ცნობილი სპეციალისტი ხვიჩას კონტრაქტზე
„რომასა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბრიციო ლუკეჩიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მის კონტრაქტთან არსებული მდგომარეობა ახსნა.
რას ამბობს ლუკეჩი:
„რას გავაკეთებდი მის კონტრაქტთან დაკავშირებით თუ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ვიქნებოდი? ვფიქრობ, „ნაპოლი“ სიტუაციას კარგად მართავს. ერთის მხრივ, ისინი ცდილობენ კონტრაქტის განახლებას, რადგან კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი, ტოპ ფეხბურთელია, რომელსაც კიდევ შეუძლია განვითარება. მეორეს მხრივ კი კლუბი არ აპირებს მის წასვლას მოუმზადებელი შეხვდეს და ცდილობს, გარკვეული ალტერნატივა იპოვოს. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ვფიქრობ, „ნაპოლი“ ამისთვის მზად იქნება. ნეაპოლიტანელებმა უკვე კარგად იმუშავეს, რადგან დავიდ ნერეშმა კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასგან დამოუკიდებლად აქცია. ვფიქრობ, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ზუსტად ასე ვიმუშავებდი“.
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ახალ წლამდე გავრცელდა, ნათქვამი იყო, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, რაც ხელფასის 6-მილიონ ევრომდე მომატებასა და გამოსასყიდი თანხის გაწერას ითვალისწინებდა, თუმცა, მოგვიანებით იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.