ინტერესი კვიპროსიდან და აზიიდან - იონსენი ჯერ არსად არ წასულა
გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ ბიორნ იონსენსა და „ტორპედოს“ შორის თანამშრომლობა საბოლოოდ შეწყდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ Crystalsport-ს ქუთაისური კლუბის წარმომადგენლებმა განუცხადეს. მათი თქმით, 33 წლის ნორვეგიელ ფორვარდს ერთწლიანი კონტრაქტი მართლაც ამოეწურა, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და წასვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
„ტორპედოში“ არც იმას უარყოფენ, რომ იონსენს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს და წინადადებით აზიის რამდენიმე კლუბის გარდა, კვიპროსის „ომონიამაც“ მიმართა. თავად ფეხბურთელი კი, როგორც ჩანს მოვლენათა განვითარებასა და ქუთაისურ კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ელოდება, რომელიც დიდი ალბათობით გერმანელი დირკ შუსტერი იქნება, რადგან ჯერჯერობით იმერეთის დედაქალაქში მხოლოდ ის იყო ჩასული და კონკრეტული მოლაპარაკებებიც გამართა.
ცნობისათვის, ბიორნ იონსენი ქუთაისის „ტორპედოს“ 2024 წელს შეუერთდა და პირველივე სეზონში 34 მატჩში გატანილი 23 გოლით Crystalbet ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.