ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილის პირველი ბარიერი - უმცროსი ჰიუიტი სერიოზული მხარდაჭერით

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილს არცთუ სერიოზული და მაღალი კლასის მეტოქე ეყოლება, თუმცა ადგილობრივი პუბლიკის სერიოზული მხარდაჭერით ისარგებლებს. საუბარია ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის 16 წლის შვილ კრუზ ჰიუტზე, რომელიც ამჟამად 1265-ე ადგილზე იმყოფება და კვალიიფიკაციაში მოხვედრილ ვაჟ ჩოგბურთელთა შორის რეიტინგში ყველაზე დაბალი პოზიცია უკავია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უმცროსი-ჰიუიტი უმაღლესი შედეგებით არც ახალგაზრდებში გამოირჩეოდა და იქაც საკმაოდ დაბალ, 107- საფეხურზე იმყოფებოდა, რის გამოც მისი საკვალიფიკაციო ბადეში დაშვების გამო სოციალურ ქსელში სერიოზული მითქმა-მოთქმა ატყდა და ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებს ნეპოტიზმში ბრალი ღიად დასდეს.

ვინც კრუზის ველური ბარათით შეჯიბრებაზე დაშვება გადაწყვიტა, მათი გაგება თავისუფლად შეიძლება, რადგან ლეგენდარული ლეიტონის შვილის თამაშებით ბევრი ქომაგი დაინტერესდება და დასწრების საშუალო მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება. საინტერესოა ისიც, რომ კრუზს შარშან Australia Open-ის ახალგაზრდულ ტურნირზე მოსახვედრადაც მისცეს შანსი, მაგრამ პირველივე წრეში ამერიკელ ალექსანდრ რაზეგისთან დამარცხდა და ჩოგბურთის მოყვარულებს ხარისხიან თამაშზე უფრო მეტად თავი, მამამისის მსგავსად კეპის შებრუნებულ მდგომარეობაში დაფარებით დაამახსოვრა.

ძალიან დიდი ალბათობით კრუზი ლეიტონის დონის ჩოგბურთს ვერ ითამაშებს და ვერც მამამისის მიერ 1997 წელს დამყარებული რეკორდი ვერ გააუმჯობესა - ავსტრალიის ღიას საკვალიფიკაციოში უმცროსი-ჰიუიტი 16 წლის და 25 დღის ასაკში მოხვდა, მაშინ როდესაც უფროსმა ამის გაკეთება 15 წლის და 323 დღისამ შეძლო, სამივე რაუნდი წარმატებით გაიარა, ფინალურ ეტაპზე მოხვდა და ესპანელ სერხი ბრუგესთან დამარცხდა.

რისი გახსენება შეიძლება კრუზის მამაზე? ლეიტონ ჰიუიტს ჰქონდა არაჩვეულებრივი კარიერა, რომლის დროსაც 30 ტიტული მოიგო და აქედან ორჯერ დიდი სლემი - 2001 წელს ამერიკის ღია პირველობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ უიმბლდონი. 2005-ში ახლოს იყო მისთვის მშობლიური ავსტრალიის ღიას მოგებასთან, მაგრამ ფინალში რუს მარატ საფინთან წააგო. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული კარიერის საწყისი ეტაპი იყო, როდესაც 20 წლისა და 10 თვის ასაკში ნომერ პირველი ჩოგანი გახდა და მსოფლიო რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერის წოდებას 2022 წლამდე ინარჩუნებდა, სანამ მას იმ დროისთვის 19 წლისა და 6 თვის ესპანელმა კარლოს ალკარასმა არ აჯობა.

2000-იანი წლების შუაწელიდან ჰიუიტს მსოფლიო ჩოგბურთში წამყვანი პოზიციის შენარჩუნების საშუალება როჯერ ფედერერმა არ მისცა, მალე კი მას კონკურენტებად რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაემატნენ. საბოლოოდ, ავსტრალიელმა კარიერა 2016 წელს დაამთავრა, წყვილთა თანრიგში კი 2020 წლამდე ასპარეზობდა.

ამჟამად ლეიტონ ჰიუტი იმ ავსტრალიის ნაკრების გუნდისთავია, რომელსაც ალექს დე მინორის, ალექს პოპირინისა და ჯორდან ტომპსონის სახით საკმაოდ კარგი თაობა ჰყავს, რადგან სამივე მათგანი ტოპ-ოცდათეულის წევრია. თუმცა, ისინი ეროვნულ გუნდში ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ, რის გამოც ჰიუიტს მოთამაშისგან (1999 და 2003 წლებში) განსხვავებით, კაპიტნის ამპლუაში ჯერჯერობით დევისის თასი არ მოუგია.

სხვათა შორის, ლეიტონი 16 წლის შვილს კრუზს გამუდმებით იწვევდა სანაკრებო შეკრებაზე და დე მინორი-პოპირინი-ტომპსონის სამეულის სპარინგ-პარტნიორის როლს ანიჭებდა. რამდენად ბევრი რამ ისწავლა უმცროსმა-ჰიუიტმა მამისგან და გამოცდილი თანამემამულეებისგან, სულ მალე გამოჩნდება. მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის მატჩი დღეს, თბილისის დროით, ღამის 03:00 საათზე უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა - ნოლე მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან დამარცხდა
ჯოკოვიჩი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა - ნოლე მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან დამარცხდა