ქართველი დრიბლიორი საფრანგეთიდან | ვინ არის 17 წლის ლუკა ფარქოსაძე
Aa
Aa

ქართველი დრიბლიორი საფრანგეთიდან | ვინ არის 17 წლის ლუკა ფარქოსაძე

17 წლის ლუკა ფარქოსაძე, ამპლუით მარცხენა გარემარბი, 5 წლიდან ლიონში ცხოვრობს. ახლა „ნევილის’’ 18-წლამდე გუნდში საფრანგეთის რეგიონალურ ჩემპიონატში თამაშობს და პარალელურად ტექნოლოგიური ლიცეუმის მოსწავლეა, რობოტების შექმნას ასწავლიან. ამ ეტაპზე სწავლასა და ფეხბურთს ერთმანეთთან უთავსებს, თუმცა მისთვის პრიორიტეტი ფეხბურთელის კარიერაა.

შედეგიანია, საგოლე პასებს ხშირად ასრულებს, გოლებს გიორგი მიქაუტაძის სტილში აღნიშნავს.

გასულ სეზონში „ნევილისთან’’ ერთად ლიონის თასი მოიგო, რეგიონის ყველა კლუბი მონაწილეობდა. ფოტოზე ლუკა აღნიშნული თასით ხელშია.

ლუკა სპორტსმენის ოჯახიდანაა, მამა ნუგზარ ფარქოსაძე ტანმოვარჯიშე იყო, საქართველოს ნაკრების წევრი.

ლუკას პირველი გუნდი „ფონტენი'' იყო, სადაც 5 წლის ასაკში ჩაირიცხა. შემდეგ „სასკოლში’’ გადავიდა, „მონპელიეს’’ ფარმ-კლუბი, 14 და 15-წლამდე გუნდებში თამაშობდა. შემდეგ „ნევილის’’ მოთამაშე გახდა, 16 და 17 წლამდე გუნდებში გამოდიოდა, ახლა 18-წლამდე გუნდის ლიდერია.

ლუკა 5 წლიდან ლიონში იზრდება, მისი ყველა კლუბი ლიონიდან იყო, თუმცა მიქაუტაძისგან განსხვავებით „ლიონის'' აკადემია არ გაუვლია. მალე, 18 წლის გახდება. მნიშვნელოვანია კარიერაში პროგრესული ნაბიჯი გადადგას, პროფესიულ კლუბში გადავიდეს.

2023 წელს, 16 წლის ასაკში, ლუკა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს, ამ თემაზე CrystalSport-ს ესაუბრა.

ლუკა ფარქოსაძე: „ქართულ ენაზე საუბარი არ მიჭირს, რადგან ოჯახში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობდით.

ჩემმა ძმამ ნაკრების მწვრთნელებს ჩემი ბევრი თამაშის ვიდეო გაუგზავნა და 2023 წლის მეორე ნახევარში, 16 წლის ასაკში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური იყო.

შეკრება დაახლოებით 3 კვირა გაგრძელდა, რამდენიმე ამხანაგურ მატჩი ჩავატარეთ. 

შეკრებაზე ყველაზე მეტად რეზი დანელიას თამაში მომეწონა.

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ყოფნისას მწვრთნელებმა მითხრეს, რომ კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ ფიზიკურად უნდა მოუმატოო. მას შემდეგ ფიზმომზადებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ინდივიდუალური მომზადების მწვრთნელთან ვვარჯიშობ და ამ მხრივ პროგრესი მაქვს.

ნაკრების შეკრების შემდეგ რეჟიმს, კვებასა და ძილს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. დისციპლინა აუცილებელია.

ლუკა საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შეკრებაზე

 

„ლიონის’’ თამაშებზე დავდივარ ხოლმე, ჩემი ოჯახი მიქაუტაძის ოჯახს იცნობს, თუმცა ჯერ გიორგის პირადად არ შევხვედრილვარ.

ახლა საფრანგეთში არდადეგებია, თუმცა ინდივიდუალური მომზადების მწვრთნელთან ყოველდღე ორჯერ ვვარჯიშობ. ფეხებზე უფრო მყარად ვდგავარ, მცველები მარტივად ვეღარ მაქცევენ, ორთაბრძოლებში უფრო კარგად შევდივარ. ვფიქრობ, ფიზიკური მომზადების კუთხით აშკარა პროგრესი მაქვს.

ვარჯიშებზე მიქაუტაძეს მეძახიან ხოლმე, მაგრამ თანაგუნდელებს ვეუბნები, რომ მიქაუტაძე არ ვარ, მე ფარქოსაძე ვარ''.

 

პოზიცია: მარცხენა გარემარბი

ალტერნატიული პოზიციები: გამთამაშებელი, მარჯვენა გარემარბი, ცენტფორვარდი

წონა: 66 კგ. სიმაღლე: 1,73 მ, ფეხი: მარჯვენა

მძიმე ტრავმა არ მიუღია.

მთავარი პლუსები: 1/1-ზე თამაში, სისწრაფე, ტექნიკა, დრიბლინგი.

ასევე, პენალტებსა და ჯარიმებს კარგად ასრულებს.

საყვარელი ფეხბურთელები: მესი, ნეიმარი, ხვიჩა კვარაცხელია

ლუკას თამაშის გამორჩეული მომენტები

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის ახალი მსურველი | ფეხბურთელის მიზანი ტოპ 5-ში დაბრუნებაა
ლოჩოშვილის ახალი მსურველი | ფეხბურთელის მიზანი ტოპ 5-ში დაბრუნებაა