„ძალიან შორსაა ძველი კვარასგან“ | რას წერს Gazzetta ქართველ ფეხბურთელზე
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ თამაშს გამოეხმაურა. დღევანდელ ნომერში, La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს ყველაზე რთული პერიოდი უდგას და აღარაა „კვარა“, რომელიც ორი სეზონის წინ ბრწყინავდა.
„აი, რა ხდება ნაპოლის მესამე სკუდეტოს მთავარი გმირის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო: ორი სეზონის შემდეგ, როცა ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა, მას ურთულესი პერიოდი უდგას და ეს მხოლოდ დავიდ ნერეშის აფეთქებით არაა განპირობებული.
ქართველი ფეხბურთელი ტრავმებმა შეაფერხეს, მაგრამ მისი სათამაშო ფორმაც ძალიან შორსაა იმისგან, რამაც ორი წლის წინ, სერია A-ს ელიტარულ მოთამაშედ აქცია. ხვიჩა სიურპრიზი აღარაა. მეტოქეებმა მის წინააღმდეგ ზომები მიიღეს და კვარას უჭირს იპოვოს კონტრნაბიჯი, რომლითაც საკუთარ ტალანტს ხელახლა გამოავლენს. აგრესიული მეურვეობითა და გაურკვეველ მომავალზე ფიქრით დატყვევებული ფეხბურთელი“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო, ხვიჩამ „ნაპოლის“ ბოლო მატჩი გამოტოვა, რომელიც „პარტენოპეიმ“ „ფიორენტინასთან“ გამართა და 3:0 იმარჯვა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთი გოლი დავიდ ნერეშმა გაიტანა, რომელიც „კვარას“ მთავარ კონკურენტად მოიაზრება.